დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და თვითმყოფადი ფეხბურთელი ნინო პასიკაშვილი, ქალაქ რუსთავის გოგონათა საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" ერთ-ერთ სეგმენტს ჩაუდგება სათავეში.
„ფეხბურთს თავს არ ვანებებ, ახალ სეზონში, გამომდინარე იქიდან, რომ „კვარტალში" დავბრუნდი იქ ვითამაშებ. ისევე, როგორც ეროვნულ ნაკრებში. თუკი, რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების სტანდარტსა და მოთხოვნას კონკრეტულ მომენტში დავაკმაყოფილებ. ის, რომ თამაშიც მოვახერხო და „რუსთავში" საქმეების გაძღოლაც, კლუბის ხელმძღვანელობა და უშუალოდ, ბაჩანა ცხადაძე ძალიან მიწყობს ხელს. დროის სწორი მენეჯმენტით, ვეცდები, ეს მოვალეობები სწორად გადავანაწილო და განვკარგო. დიდი პლიუსი არის ისიც, რომ „კვარტალი" (ნიკა ჯღარკავა და გიო ლუკავა) მიწყობს ხელს. გამოწვევისთვის მზად ვარ და მაქსიმალურს გავაკეთებ, ჩავდებ მთელს ენერგიას, გამოცდილებას გავუზიარებ ბავშვებს. რაც არ ვიცი, იმასაც ვისწავლი, სწავლა არასდროს არის გვიან", - ამბობს ნინო პასიკაშვილი.
ახალი გუნდი, რომელიც ახალი საფეხბურთო სეზონიდან ქალთა ლიგა 2-ის გათამაშებაში დაიწყებს ასპარეზობას, გამოცდილი ფეხბურთელების დამატებას სამომავლო აუცილებლად გეგმავს. თუმცა, ნინო პასიკაშვილი თვლის, რომ ამ წელს „რუსთავისთვის" შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი, გოგონებისთვის გამოცდილების დაგროვება იქნება. პასიკაშვილი ამბობს, რომ მისი გუნდი ეცდება იყოს ორიენტირებული, არ წააგოს დიდი ანგარიშით და შეეცადოს თავის წარმოჩენას.
„რუსთავის" გოგონათა გუნდში იქნებიან ახალგაზრდა ბავშვები, ძირითადად 15-16 წლის ასაკის. გამოუცდელები, მაგრამ ისეთები, რომლებსაც უკვე აქვთ მონაწილეობა მიღებული მასტერლიგაზე და პატარ-პატარა ტურნირებზე, რაც საქართველოს მასშტაბით ჩატარებულა. არიან პერსპექტიული, კარგი პოტენციალის ბავშვები. მათ დაემატებიან რეგიონის მასშტაბით ნიჭიერი ბავშვები. შესაძლოა, რამდენიმე ბავშვის გადაყვანა შევძლო VPS ვაკის ლოკაციიდან, სადაც მე ვარ მწვრთნელი და ამ ერთობლივი ძალებით, გაკეთებული გუნდი, ქალთა ლიგა 2-ში მიიღებს მონაწილეობას. ასე, რომ „რუსთავში" წელს ახალგაზრდა გოგონები ითამაშებენ. თუ ვინმეს ექნება ჩვენთან შემოერთების სურვილი, მოგვწერონ, წარმოგვიდგნენ და კლუბის სამწვრთნელო გუნდთან ერთად, მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მათი დამატების თაობაზე", - ამბობს ნინო.
რუსთავი რომ სპორტული ქალაქია, ამაში ალბათ, ბევრი ვერ შემომედავება და სფეროში მუშაობის მანძილზე, წლებია თავადაც ვრწმუნდები. ნინოს აღნიშნულ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა ნათელია, რომ მეტალურგთა ქალაქში, გოგონების ფეხბურთით დაინტერესებაში მისი ფაქტორიც ბევრს ლაპარაკობს - ხუმრობა ხომ არ არის პატარა ქალაქისთვის, მისი წარმომადგენელი, წლების მანძილზე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ღირსებას იცავდეს.
„სასიხარულოა, რომ გოგონათა მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. ქალთა ფეხბურთი ყოველწლიურად მეტად პოპულარული ხდება. არის ორი პროფესიონალური ლიგა, სადაც წლევანდელ წელს პირველად მოგვეცემა შანსი, რომ მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქალაქის სახელით", - ამბობს „პასო"
.
ახალ „თავგადასავალში" „პასოს", ნინო პასიკაშვილს „რუსთავში" ქალთა ფეხბურთის მიმართულებით მოუწევს მუშაობა. მის დაქვემდებარებაში იქნება განყოფილება, რომელიც ძირითადად 8-დან 15 წლამდე ასაკის გოგონების მიმართულებით იმუშავებს. გუნდს, კი რომელიც ქალთა ლიგა 2-ში ითამაშებს, ორი მწვრთნელი ნუგზარ დავრადაშვილი და დათო სანიკიძე ეყოლება.
„წელს კლუბის 90% დაკომპლექტებული იქნება 17-წლამდე გოგონებით და ყველაზე უფროსი ამ მომენტისთვის 19 წლის იქნება. ამათ დამატება ასაკობრივი ჯგუფები და ნებისმიერ გოგონას რუსთავისა და მისი შემოგარენის მაცხოვრებელს ექნება შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ივარჯიშოს", - ამბობს ნინო პასიკაშვილი.
გუნდი, რუსთავის „მეტალურგის" სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებს, თამაშებს კი, ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც გულშემატკივარს, საკუთარი ქალაქის გუნდის მხარდაჭერის საშუალებაც ექნება.