ეპიცენტრში მყოფი ქართველების კიდევ ერთი ამბავი
ეპიცენტრში მყოფი ქართველების კიდევ ერთი ამბავი
10.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების 7  (ტატა მატვეევა „ქარაგუმლუქი", ხატია ჭყონია „ჰათაიასფორი", თეონა სუხაშვილი და ნათია წოწერია „უნიე გიუჯუ", თამარ ტატუაშვილი,  თეონა ბაქრაძე და თათია გაბუნია "ამედი დიარბაქირი") და  ერთიც აზერბაიჯანის მოქალაქე თუმცა, ქსკ „ლანჩხუთის" მოთამაშე ქრისტინე ბაკარნაძე („გალათასარაი") იმყოფებოდნენ. უკვე სამშობლოში დაბრუნებული ნათია წოწერია იხსენებს, რომ ჩვენი გოგონების უმეტესობა, სტიქიის ზონასთან ახლოს მარტივი მიზეზის გამო აღმოჩნდა, ზოგს  5 თებერვალს, თურქეთის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის გასვლითი მატჩი ჰქონდა აღნიშნულ რეგიონში სათამაშო, მეორე ნაწილი კი, უბრალოდ, იმ რეგიონების გუნდებში ასპარეზობდნენ. ალბათ, აქვე, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ მამაკაცთა ფეხბურთისგან განსხვავებით, ჩემპიონატებისგან თავისუფალ დროს, გოგონებს აქვთ უფლება სხვა ქვეყნის ჩემპიონატში, თავისუფალი აგენტების სახით მიიღონ მონაწილეობა.

„5 რიცხვში თამაში გვგქონდა მანისაში. თამაშის შემდეგ, რომ გამოვფრინდით მანისადან, ფრენა მოგვიწია საშინელ ამინდში. საკმაოდ ცუდი ფრენა იყო, თვითმფრინავი კინაღამ ჩამოვარდა. ქალაქ უნიაში რომ ჩამოვედით, უკვე 6 რიცხვი თენდებოდა. ყველამ დაიძინა.. ნამგზავრს პატარ-პატარა საქმეები მქონდა, თან არ მეძინებოდა და დივანზე მჯდომარემ ვიგრძენი ბიძგი. ავტომატურად ზევით ავიხედე და განათება ქანაობდა. შემდეგ, შევამჩნიე, რომ მარტო განათება არა, ოთახში რაც იყო, ყველაფერი მოძრაობდა. საბედნიეროდ, ჩვენ ეპიცენტრთან ახლოს არ ვიყავით, მაგრამ ჩვენთანაც საკმაოდ ძლიერი ბიძგები იყო. ბიძგები ორჯერ გამეორდა, შიში იმდენად დიდი იყო, რომ ვინმეს გაღვიძებაც ვერ მოვიფიქრე. ჩვეულებრივად, შოკში ვიყავი", - გვიყვება ნათია წოწერია.


დაახლოებით 1 საათის წინ, „ალჯაზირას" ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილების რიცხვმა 22000-ს მიაღწია. სტიქიის ზონაში მომუშავე მედია და მაშველები ახლა უჩივიან დროს, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი ხალხის გადასარჩენად, დრო კი, არ არის.  დრო მხოლოდ გაჩერდა სპორტისთვის, ხელოვნებისთვის, ყოველდღიურობისთვის. საქართველოში დაბრუნდნენ ქართველი ფეხბურთელი გოგონები, ტატა მატვეევასა და თამარ ტატუშვილის გარდა, რომელთა გუნდებიც, მიწისძვრის ეპიცენტრიდან საკმაოდ მოშორებით არის და მათ, ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრებათ.


„როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა, გადავწყვიტე, სოციალური ქსელით  მეგობრები მომეკითხა. პირველი თეონა ბაქრაძეს და ქრისტინა ბაკარანძეს მივწერე (ორივე ნათიას მეგობრები და თანაგუნდელები არიან ქსკ „ლანჩხუთინდან"). „ბაქრამ" გადმომირეკა და მითხრა, რომ ის და „გაბუსთან" (თათია გაბუნია, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეკარე) ერთად ქუჩაში იყვნენ გასულები. „ბაქრასგან" გავიგე, რომ გამთენიისკენ, კიდევ იყო განმეორებითი მიწისძვრის ვარაუდი და მთხოვა, ყურადღებით ვყოფილიყავი და  გამეღვიძებინა გოგოები.  მზად  უნდა ვყოფილიყავით. ამ ლაპარაკში, ნამგზავრს ჩამეძინა, ამ დროს არ ვიცი, განმეორდა მიწისძვრა თუ არა, მე მეძინა. დილით, თეონა სუხაშვილმა გამაღვიძა და მითხრა, სასწრაფოდ ჩამეცვა, რადგან გავდიოდით. ყველა ქუჩაში გავედით და რამდენიმე საათი ასე, გარეთ ვიდექით. ამის შემდეგაც გაგვაფრთხილეს, რომ კიდევ იქნებოდა განმეორებითი ბიძგები. ასე ჩაბარგებულები ვუცდიდით, რას გვეტყოდნენ, როგორ მოვქცეულიყავით და რას დააპირებდა სტიქია ეს კიდევ არავინ იცოდა. მიწისძვრა 7 თებერვალს, დილით განმეორდა და ბიძგებმა 5 მაგნიტუდა შეადგინა", - ჰყვება ნათია წოწერია.


ალბათ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ, ჩვენ დიარბაქირში მყოფი თეონა ბაქრაძისა და თათია გაბუნიას შესახებ გიამბეთ. გოგონებს ორი სრული დღე და ღამე ღია ცის ქვეშ მოუხდათ ყოფნა, ვიდრე, ტრანსპორტით, დიარბაქირიდან მოლიპულ უღელტეხილზე მოუწევდათ გადმოსვლა, მერე იყო შედარებით მშვიდი გზა სარფამდე და შემდეგ სახლში... მოგვიანებით, ჩვენთან საუბარში თათია გაბუნია იტყვის, რომ მიწისძვრა მიწისძვრად და გზა ისეთი მოყინული იყო, ერთი შიში კიდევ აქ ვჭამეთო.


„გვაინტერესებდა ხატიას ამბავი, რომელიც ჰათაიში იყო. გვითხრეს, რომ ხატია კარგად იყო, თუმცა, ჰათაიში, გზებიდან დაწყებული ყველაფერი დანგრეული იყო. გავიგეთ ისიც, რომ პირველივე შესაძლებლობაზე ხატიას ანკარაში წაიყვანდნენ. ყველა, ვინც იმ მომენტში თურქეთში ვიყავით, ერთმანეთს ვეხმიანებოდით. საბედნიეროდ, ყველა გადავრჩით. ჩვენ, მე და თეონა სუხაშვილმა დაუყოვნებლივ ავიღეთ საქართველოსკენ მომავალ ავტობუსზე ბილეთები და საზღვარზეც უპრობლემოდ გადმოვედით, ვინაიდან სარფში ხალხი თითქმის არ იყო", - ამბობს ნათია და დასძენს,  „რეალურად ეპიცენტრი იყო ჰათაი, რომელიც მიწასთან არის გასწორებული. შემდეგ უკვე დიარბაქირი, სადაც „ბაქრა" და „გაბუ" იყვნენ".


ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებას თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, პირადად მეც ვცდილობდი. ყველა იყო კავშირზე ხატიას გარდა, რომელიც ვიცოდით, რომ გუნდის მწვრთნელთან და რამდენიმე თანაგუნდელთა ერთად, ანკარისკენ კი წავიდა, მაგრამ დიდთოვლობის გამო, ერთ-ერთ სოფელში ჩარჩა სადაც ინტერნეტი არ იჭერდა. ხატიას, ქართველი და თურქი ფეხბურთელების დახმარებით, „ჰოჯას" ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა თურქეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი და ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობა მოიკითხა. მას ესაუბრა კიდეც. მაშინ, როდესაც  4 ქართველი ფეხბურთელი ქალი საქართველოში იყო, ხატია,  სოცქსელში გამოჩნდა და გულშემატკივარს, ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. რამდენიმე დღე მჭირდება გონზე მოსასვლელად და მერე, ყველას დაგელაპარაკებითო, მხოლოდ ეს გვითხრა და დასძინა, ისეთი ხდებოდა, ვერაფერი მოვიფიქრე როგორ მოვქცეულიყავი, ფეხშიშველი გამოვვარდი სახლიდან, ისე, როგორც მეძინა და შევეცადეთ ქალაქს გამოვშორებოდითო.


„ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა, ისეთი ამბავი ხდებოდა, ახლა მოყოლა მიჭირს. ჩემს თვალწინ ჩამოინგრა სახლი, ხალხი ყვიროდა, შველას ითხოვდა და ვერავინ ეხმარებოდა. ახლა მთავარია, რომ ყველა კარგად ვართ. ვიცოდი, რომ საბა ლობჟანიძეც ჩემს ქალაქში იყო, მაგრამ მისი საცხოვრებელი ჩემისგან შორს იყო და ქალაქში არც ტრანსპორტი იყო და არც არაფერი. ვერც ფეხით გავიდოდი, საშინლად წვიმდა, თუმცა, ამ ორომტრიალში არც საბა გამხსენებია. ფეხშიშველი ვიყავი, არც წინდა მეცვა, არც ფეხსაცმელი, ვფიქრობდი სად შემეფარებინა თავი და სად გავმთბარიყავი," - გვიყვება უკვე „სამშვიდობოს გასული" ხატია ჭყონია, რომელზეც სტიქიის ზონაში მყოფი მისი მეგობრები ყველაზე მეტად დარდობდნენ.


თურქეთში გლოვაა გამოცხადებული. მეზობელი ქვეყანა, ჯერ კიდევ შოკშია და შესაბამისად, რთულია განსაზღვრა, როდის მოახერხებს თურქული სპორტი (ადგილობრივი ჩემპიონატები გვაქვს მხედველობაში) ძველ რეჟიმში დაბრუნებას. ცნობილია, რომ საბა ლობჟანიძის „ჰათაიასფორი" თურქულ სუპერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, თუმცა, გუნდი მიმდინარე გათამაშებას არ ჩაასრულებს, ახლა სტადიონზე სადაც 5 თებერვალს მასპინძლებმა, „ქასიმფაშა" მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხეს, კარვების ქალაქად არის გადაქცეული.  ჩვენების ნაწილი კი, სამშობლოში დაბრუნდა.


„მიწისძვრის შემდეგ, ეგრევე მოგვწერეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან. პირადად მე, დავით მუჯირი დამიკავშირდა და გვითხრა საჭიროების შემთხვევაში შევხმიანებოდით", - ამბობს ნათია წოწერია, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრში მოხვედრილ სხვა ქართველი ფეხბურთელების მსგავსად, ჯერ ცოტა „გონს" მოვა და შემდედ, დიდი ალბათობით, კვლავ მშობლიურ „ლანჩხუთს", დაუბრუნდება, რომელიც 2023 წლის სეზონში პირველ შეხვედრას, ახალ ჩემპიონატში,  მარტის დასაწყისში ჩაატარებს.



სტატიაში გამოყენებულია შსს-ა და თურქული კლუბის „უნიე გიუჯუ"-ს ფოტოები