ქართული ლეგიონი ამერიკაში
ქართული ლეგიონი ამერიკაში
10.02.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

სანდრო მამუკელაშვილმა ლოს ანჯელესში, "ლეიკერსის" წინააღმდეგ ითამაშა და "მილუოკი ბაქსის" მორიგ გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა. ლეიკერსს ტრავმის გამო ლებრინ ჯეიმსი აკლდა და აღმოსავლეთის ერთ-ერთ ლიდერთან ვერაფერს გახდა - 106:115.

ქართველმა ფორვარდმა 12:48 წუთი ითამაშა. მამუკელაშვილი მოედანზე მნიშვნელოვან მომენტში გამოჩნდა, როცა „ბაქსი" 5 ქულით აგებდა. მან 6 ქულა 2-დან 1 სამქულიანით, 2-დან 1 ორქულიანითა და 2-დან 1 საჯარიმოთი დააგროვა, მის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაა.


შეხვედრა მესამე მეოთხედამდე „ლეიკსერსის" უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მესამე პერიოდი „ბაქსმა" 15 ქულით მოიგო და ბოლო მეოთხედამდე მეტოქეს 7 ქულით გაექცა, რაც საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი აღმოჩნდა. საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 38 ქულითა და 10 მოხსნით გაიფორმა, მას ასევე 6 პასი ჰქონდა. ლოს-ანჯელესური კლუბიდან კი, ორმაგი დუბლი ენტონი დევისმა გაიფორმა - მის ანგარიშზე 23 ქულა და 16 მოხსნაა.


"მილუოკი ბაქსმა" ზედიზედ მეცხრე მოგება მოიპოვა და ვისკონსინელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფებიან. მათ წინ „ბოსტონ სელტიკსია", ომელსაც 1 მოგებით მეტი აქვს მოპოვებული.  მილუოკი შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს, „კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.


***


საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი, გოგა ბითაძე, რომელმაც არასრული 3 სეზონი ნბა-ს კლუბ "ინდიანა პეისერსში" გაატარა, თავისუფალი აგენტია. გუშინ, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშეთა გაცვლების ბოლო დღე იყო და არაერთი ტრეიდიც განხორციელდა, რომელშიც ბითაძის გუნდიც იყო ჩართული. სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელის გვარი გარიგებაში არ მონაწილეობდა: ტრეიდის განხორციელების შემდეგ ინდიანამ ბითაძეს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა და ის ამ მომენტიდან უგუნდოდაა.


რაც შეეხება გაცვლას, მასში ბრუკლინ ნეტსი და სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსი მონაწილეობდნენ. მილუოკიმ მსუბუქი ფორვარდი ჯეი კრაუდერი მიიღო (რომელსაც მძიმე ფორვარდადაც შეუძლია თამაში), სამაგიეროდ კი დრაფტის 5 მეორე წრის აყვანის უფლება გასცა. პეისერსმა მიიღო სანდროს თანაგუნდელი ჯორდან ნვორა და ორი მეორე რაუნდის კალათბურთელი მომავალ დრაფტებში.


ბითაძის მომავალი გუნდის ვინაობა, სავარაუდოდ, მალე გაირკვევა.


გოგას ვიდეო-რგოლი მიუძღვნეს