საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ახალი წელი მოგებული სპარინგებით დაიწყო. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მატჩამდე, რომელიც სულ მალე, 7 მარტს ბელგიაში გაიმართება, ასათიანის გუნდმა გუშინ და დღეს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვას ნაკრებთან და ორივეში გაიმარჯვა.
ავთანდილ ასათიანს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაზე ლეგიონერებს არ გამოუძახა, უხვად ჰყავდა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები. ორ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 6 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 3 გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებში ჩვენი ნაკრების კარს თორნიკე ბუკია იცავდა. საქართველოს ნაკრების მაისურით კი, გოლები პირველ შეხვედრაში ჯანიკო გიორგაიამ, მეორეში კი, საბა ტყეშელაშვილმა გაიტანეს.
„მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო. ეს კარგი იყო, რადგან ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ, საჭიროებენ, ჰქონდეთ ძლიერი თამაშები, რათა გაიზარდონ მოთამაშეებად. ჩემგან ამ ახალგაზრდების მიმართ იქნება ყველანაირი ხელშეწყობა და შანსი. ეს მოთამაშეები არიან საქართველოს მომავალი და რაც მეტ გამოცდილებას მიიღებენ, უკეთესი", - ამბობს ავთანდილ ასათიანი პირველი სპარინგის დასრულების შემდეგ და დასძენს, რომ ამ შეხვედრის მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, დაძაბული მეორე ტაიმი და საბოლოო შედეგი 3-2, ასახავდა მატჩის მიმდინარეობას. გამარჯვებას კი მისმა გუნდმა, გუნდურობით და კარგად „დამუშავებული მოწინააღმდეგის" წყალობით მოახერხა.
„ძალიან კარგი ტესტ-მატჩები გამოვიდა. მაინტერესებდა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭები რა დონეზე ჩაატარებდნენ ასეთ მეტოქესთან თამაშებს. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ამ დროისთვის მაქსიმუმი გააკეთეს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. აშკარად დავინახე, რომ ვცდილობდით ის გაგვეკეთებინა, რაზეც შეკრების დროს ვიმუშავეთ. ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ ბევრი ამხანაგური მატჩის ჩატარება შეგვიძლია, რათა ეს ახალგაზრდა ბიჭები ვნახოთ საქმეში", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვასთან მეორე ამხანაგური მატჩი 3-1 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, პირველ ტაიმში, გოლები ვახტანგ კეკელიამ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს. შესვენების შემდეგ, სადებიუტო სანაკრებო გოლი, როგორც უკვე გითხარით, საბა ტყეშელაშვილმა გაიტანა.
აქვე გეტყვით რომ ორი სპარინგი ჰქონდა საქართველოს ფუტსალის 19-წლამდეთ ნაკრებსაც. ქართველებმა პირველი შეხვედრა 5-4 მოიგო, მეორეში კი 2-4 დამარცხდა.
სფფ / ლაშა კუპრაშვილის ფოტოები