სანაძეს ლიმასოლში ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა
07.02.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია
დუდა სანაძის ანორთოსისმა კვიპროსის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა და ამჯერად მარცხი განიცადა. ფამაგუსტელები ლიმასოლში ჩავიდნენ და აპოლონს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით - 85:76 დასრულდა.
ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 35:50 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.
სანაძემ 8-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ანორთოსისს 6 მოგების წილ 9 მარცხი მოუგროვდა და მე-7 ადგილზე დარჩა, მომდევნო მატჩს კი 11 თებერვალს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ ნიქოზიის აპოელთან ჩაატარებს.