ქართული ლეგიონი იტალიის სერია ა-ში
ქართული ლეგიონი იტალიის სერია ა-ში
06.02.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

თორნიკე შენგელია მაგარ ფორმაშია. ევროლიგის გასულ ტურში ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, კვირას გამართულ იტალიის ჩემპიონატის მატჩში კი მან იგივე გაიმეორა და საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა. სერია A-ს მე-18 ტურში ვირტუს ბოლონია სტუმრად ბრეშას შეხვდა და ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით 84:78 დაამარცხა.


შენგელიამ მოედანზე 23 წუთი დაჰყო, რა დროშიც 18 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 4 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიასთან ერთად შედეგიანად ითამაშა მარკო ბელინელიმ, რომელმაც 18 წუთში 23 ქულა მიითვალა. ის ამ შედეგით მატჩის ბომბარდირი გახდა, თუმცა საერთო სარგებლიანობით (21) თორნიკე შენგელიას (26) გვარიანად ჩამორჩა.


14 მოგებითა და 4 მარცხით ვირტუს ბოლონია სერია A-ში მე-2 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ბექა ბურჯანაძის რეჯინას შეხვდება, რომელიც პესაროსთან 74:85 დამარცხდა.

***

ბექა ბურჯანაძის რეჯიო ემილიამ იტალიის სერია A-ში მორიგი მარცხი განიცადა. ქართველი ფორვარდის გუნდი სტუმრად პესაროს შეხვდა და 74:85 წააგო. რეჯიოემილიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, გადამწყვეტი პერიოდის წინ მხოლოდ 2 ქულით აგებდნენ, თუმცა საბოლოო გამარჯვების მოპოვებამდე ძალები არ ეყოთ და მიმდინარე ჩემპიონატში მე-13 მარცხი განიცადეს.


ბურჯანაძე სათადარიგო იყო, რომელმაც მოედანზე მთლიანობაში 21 წუთი გაატარა. ბექამ 2-დან ორივე ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი და 1 საჯარიმო კი ააცილა. მთლიანობაში მის ანგარიშზე 4 ქულა და თავის გუნდელთაგან უმეტესი 8 მოხსნა დაგროვდა. ემილიელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო ჯერემი სენგლინი.


5 მოგებითა და 13 მარცხით რეჯიო ემილია სერია A-ში ბოლო ადგილზეა. შემდეგ ტურში, 12 თებერვალს, რეჯიო ემილია თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიას" უმასპინძლებს.