ქართველი ფეხბურთელები მიწისძვრის ეპიცენტრში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ
ქართველი ფეხბურთელები მიწისძვრის ეპიცენტრში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ
06.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც თურქულ კლუბებში თამაშობენ, როგორც გოგონები, ასევე ბიჭები კარგად არიან. მთელი დღის მანძილზე, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ვცდილობთ, მათ შესახებ, რაც შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია შევაგროვოთ. საერთაშორისო და თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებამდე, ნანგრევებში რჩებიან ჩვენი საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი კრისტიან ატსუ და „ჰათაიასფორის" თანამშრომლები. თავად საბა ლობჟანიძე, რომელიც ტრაგედიის მომენტში საკუთარ სახლში იმყოფებოდა, კარგად არის და ამ მომენტისთვის, ქართველ ფეხბურთელს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი გვერდი, „ლობჟანას" ვერ დაუკავშირდა, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულ რეგიონში კავშირი ჭირს. თუმცა, ვესაუბრეთ საბას მეგობრებს ეროვნული ნაკრებიდან და უკვე აღნიშნული ინფორმაცია, ამის შემდეგ მოგაწოდეთ. უსაფრთხოდ არის გიორგი ბერიძეც, ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი.


ქალაქ ჰათაიაში, მიწისძვრის შედეგებს თავი დააღწია ხატია ჭყონიამ. საქართველოს რამდენიმე გზის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, ამჟამად ანკარას მიმართულებით გადაადგილდება და თურქეთის დედაქალაქში ჩასვლამდე, ფეხბურთელმა რაც მოახერხა, ოჯახთან დაკავშირება იყო.


სამშვიდობოზე არიან სტიქიის ზონაში მყოფი, ჩვენი ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელი. ჩვენი გვერდი დაუკავშირდა თეონა ბაქრაძეს, რომელიც ამ მომენტში, დიარბაქირში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარესთან თათია გაბუნიასთან  და თანაგუნდელებთან ერთად, ღია ცის ქვეშ იმყოფება, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილები, სტიქიის ზონაში  ამჟამად, სწორედ ღია სივრცეებია.


„ჩვენ ვართ დიარბაქირში. ჩვეულებრივად, მიწისძვრა ღამე მოხდა გუშინ. გვეძინა. საშინელმა ხმამ გაგვაღვიძა. საწოლი დადიოდა. მთელი სასტუმრო ქანაობდა, თითქმის 20 წუთზე მეტი გაგრძელდა. გავიქეცით ეგრევე, როგორც ვიწექით ისე. გამთენიისას კი, ისევ ავედით ნომრებში. არაფერი საშიში არ არისო და დილით  11 თუ 12 საათი იყო,  არ მახსოვს, აბანოში ვიყავი  გაქაფული გამოვვარდი. გავიგე ყვირილის ხმა. ჩავედით ქვევით და მაგის მერე მანდ ვართ. ჩვენ კარგად ვართ,  არაფერი გვჭირს ღმერთის წყალობით. მე და „გაბუ" ვართ ერთად. დანარჩენებიც კარგად არიან, ვეკონტაქტებით", - ამბობს თეონა ბაქრაძე, ჩვენს გვერდთან საუბარში.


ქართველ ფეხბურთელებთან მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან, სადაც გვითხრეს, რომ ხვალ დილით ბაქრაძესა და გაბუნიას დიარბაქირიდან გამოფრენის საშუალება ჰქონდათ, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ფრენა გაუქმდა. ფეხბურთელებთან მუდმივ კავშირზე არის თურქეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო. ამის შესახებ, ანკარაში მდებარე, ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებმა, ჩვენს გვერდს ოფიციალურადაც განუცხადეს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატებს შორის შესვენების დროს, ქართველი ქალი ფეხბურთელების ერთი ნაწილი ფორმის შენარჩუნებას, სწორედ თურქულ კლუბებში ცდილობს. ამჟამად, თურქეთში, 8 (ტატა მატვეევა „კარაგუმლუქი", ხატია ჭყონია „ჰათაიასფორი", თეონა სუხაშვილი და ნათია წოწერია „უნიე გიუჯუ", თამარ ტატუაშვილი „თრაბზონსფორი", თეონა ბაქრაძე და თათია გაბუნია "ამედი დიარბაქირი", ქრისტი ბაკარნაძე „გალათასარაი").  ქართველი ფეხბურთელი ქალი იმყოფება, რომელთაგან ერთი, „ლანჩხუთის" ყოფილი მოთამაშე, ქრისტინა ბაკარნაძე, აზერბაიჯანის მოქალაქე.


6 თებერვლის გამთენიისას თურქეთში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის ნგრევა და მსხვერპლი. ანკარაში, საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, რომელიც ცოცხალ რეჟიმში აახლებს ინფორმაციას, 11:07 წუთისთვის, დაღუპულია საქართველოს 2 მოქალაქე. ელჩის ინფორმაციით დაკარგულთა შორის იყო 10, საიდანაც 7-ის კვალისთვის ჯერ არ მიუგნიათ.