გაასამა!
გაასამა!
05.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს პარიზში ტატო გრიგალაშვილის დღე იყო. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენმა პარიზის გრან სლემი მოიგო. თუმცა, მანამდე, გრიგალაშვილი IJF-ის 2022 წლის გამოკითხვა მოიგო და ამასთან მატიას კასესთან ერთად, კიდევ ერთი ნომინაციის გამარჯვებული გახდა.


-81კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილი ფავორიტად ითვლებოდა. ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად იტალიელი ლორენცო პაროდი იპონით დაამარცხა. ამის შემდეგ, ქართველს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, იაპონელ კენია კოჰარასთან აღებული ვაზარიც ეყო. ბადიდან გასასვლელად გრიგალაშვილი, ქართველ ნუგზარ ტატალაშვილს „გადაეყარა" და „მამლუქის" დამარცხება საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებაში მოახერხა. 1/2 ფინალში ყაზახეთში დაბადებულ და შემდეგ, თურქეთში გადასახლებულ კიდევ ერთ „მამლუქს" ვედეთ ალბაირაქს (ვანო რევაზისვილს) „დაეჯახა". ეს დაპირისპირება ძალიან მალე, შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთში, ტატომ იპონით მოიგო და ფინალში გავიდა. აქ კი, მისი მეტოქე ნაკლებადცნობილი გერმანელი ტიმუ კუველიუსი დაამარცხა და პარიზის გრან სლემის ოქროს მედალი მოიგო.



კიდევ ერთი მედალი დღეს, ქართულ გუნდს, -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ მოუტანა. ქართველს, შეეძლო ოქროს მედალზეც ებრძოლა, თუმცა, ჩვენი სუბიექტური დაკვირვებით, 1/2 ფინალში ქართველი ჯუდოკა ოდნავ დაჩაგრეს და ლუკასაც, მხოლოდ ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი დაუტოვეს, რომელიც მაისურაძემ კარგად გამოიყენა. ისევე, როგორც 1/2 ფინალი, მაისურაძეს, პარიზის გრან სლემის ბოლო ბრძოლაშიც დამატებით დროში მოუხდა ჭიდაობა. თუმცა, ამჯერად ქართველმა ნახევარფინალის „მწარე გამოცდილება" გაიხსენა და ჩეხი დევიდ კლამერტი ეფექტური იპონით დაამარცხა.




ამავე წონაში, პირველივე შეხვედრაში ასპარეზობას გამოეთიშა, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. ტურნირის დასაწყისშივე ხელი მოეცარა +100 კგ-ში მოასპარეზე გურამ თუშიშვილსა და საბა ინანეიშვილს. ისევე, როგორც -100 კგ-ში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანს. -100კგ-შივე პირველი წრიდან დაიწყო და ორი ბრძოლა მოიგო გიორგი ბერიაშვილმა, თუმცა, 1/8 ფინალში, ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან დამარცხდა.


საერთო ჯამში, პარიზის გრან სლემზე საქართველო, რომელიც 12 სპორტსმენით (10 ბიჭი და 2 გოგონა) იყო წარმოდგენილი 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი აიღო. -73კგ-ში შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი გახდა, რომელმაც პარიზის გრან სლემზე 2022 წელს აღებული ტიტული დაიცვა.



ფოტოები: IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი