როგორც მოსალოდნელი იყო, სახეცვლილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველომ გერმანია დიდი ანგარიშით, 75:12 დაამარცხა. ეს იყო 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელსაც შემოდგომაზე საფრანგეთი უმასპინძლებს და რომლის დაწყებამდე ბორჯღალოსნებს მოსამზადებლად კიდევ 7 თამაში დარჩა (4 რაგბი ევროპაზე და 3 გასახურებელი მატჩი აგვისტოში).
გერმანიამ იბრძოლა და შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენა, თუმცა კლასში სხვაობა იმდენად დიდი იყო, მასპინძლებმა 11 ლელოს გატანა შეძლეს. სასიხარულოა, რომ საქართველომ ლაღი რაგბი აჩვენა, ყველა მორაგბე ბოლომდე დაიხარჯა და ამით მხარში დგომა დაუფასა „ავჭალაზე" მისულ თითოეულ ქომაგს. ცუდი ის იყო, რომ დიდი მოედნების რეაბილიტაციის ფონზე, წლის პირველი შეხვედრა მხოლოდ 3100 მაყურებლის ტევადობის სტადიონზე გაიმართა, არადა მსურველი ბევრად მეტი იყო.
რადგან წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად(აც) განიხილება, სამწვრთნელო შტაბმა ექსპერიმენტებს მიმართა. 23-კაციან განაცხადში 3 დებიუტანტი იყო, 8 მორაგბეს კი 10-ზე ნაკლები კეპი ჰქონდა მოხვეჭილი. სასიხარულოა, რომ ყველა მათგანმა დავალებას კარგად გაართვა თავი.
დებიუტანტთაგან სასტარტო შემადგენლობაში ოთარ ლაშხი (293-ე ბორჯღალოსანი) იყო, რომელმაც პირველი სანაკრებო კეპი 4 წუთში გატანილი ლელოთი აღნიშნა. შეცვლაზე შევიდნენ სერგო აბრამიშვილი (294) და თენგიზ ზამთარაძე (295). ბორჯღალოსნების კვართით მესამედ ითამაშა და პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში ლუკა მატკავა, რომელმაც გუნდს ჯამში ქულათა მესამედი - 25 ქულა შესძინა. მან 11-იდან 10 გარდასახვა და ერთი ლელო გაიტანა.
რადგან ქულებზე ვსაუბრობთ, აქვე ვთქვათ, რომ სამ-სამი ლელო მიითვალეს აკა ტაბუცაძემ და გიორგი ცუცქირიძემ. ტაბუცაძეს ჯამში 22 ლელო (24 თამაშში!) მოუგროვდა და ბორჯღალოსნების საუკეთესო მელელოვეთა სიაში მეოთხე ადგილზე აინაცვლა. მის წინ მხოლოდ მამუკა გორგოძე (27), დავით კაჭარავა (25) და ირაკლი მაჩხანელი (24) არიან, თუმცა სამივე მათგანს სარაგბო კარიერა უკვე დასრულებული აქვს, ტაბუცაძე კი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა. ცუცქირიძის ანგარიშზე აქამდე 3 სანაკრებო ლელო იყო და ამ თამაშის შემდეგ ეს მაჩვენებელი გააორმაგა.
პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა მიშიკო ალანიამ, რომელმაც მე-8 კეპი მოიხვეჭა. თითო-თითო ლელოა კოტე მიქაუტაძისა და თორნიკე ჯალაღონიას ანგარიშზე.
საქართველოს ნაკრებს პირველად უკაპიტნა ბექა საღინაძემ და გახდა 34-ე კაპიტანი, რომელსაც წილად ეს პატივი და პასუხისმგებლობა ერგო.
2020 წლის შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით პირველად ითამაშა და მეხუთე ქართველი ცენტურიონი გახდა ლაშა მალაღურაძე. მას მე-100 კეპი 3 წლის წინ უნდა მოეხვეჭა, თუმცა კოვიდ-აფეთქებამ მაშინ ამის შესაძლებლობა არ მისცა. 100-მატჩიან ზღვარს გადაბიჯებული აქვთ დავით კაჭარავას (122), მერაბ კვირიკაშვილს (115), სანდრო თოდუას (103), გიორგი ჩხაიძეს (100) და ახლა უკვე ლაშა მალაღურაძესაც. წელსვე ცენტურიონობის შანსი აქვთ შალვა მამუკაშვილს და ლაშა ხმალაძეს, რომელთა ანგარიშზე 94-94 კეპია, ასევე გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს (90).
და ბოლოს, გერმანიასთან ნამატჩევს, 3-ათასზე მეტი გულშემატკივრის წინაშე თავის რჩეულს ხელი სთხოვა და ცოლიანთა რიგებს შეუერთდა ნოდარ ჭეიშვილი.
ზეიმის ლამაზი დასაწყისი
წლის პირველი სარაგბო ზეიმი სასიამოვნო საყურებელი გამოდგა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, რომლის დროსაც საქართველომ 6 სანახაობრივი, უპასუხო ლელო გაიტანა და 42:0 დაწინაურდა. ოთარ ლაშხმა სადებიუტო მატჩში ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა. შეტევის მესამე მცდელობისას ხაზმა კარგად ააწყო თამაში, ვასილ ლობჟანიძემ ბურთი მალაღურაძეს გაუტანა, მარცხენა ფრთაზე შეტევაში შალვა მამუკაშვილი ჩაერთო, რომელმაც ბურთი ტაბუცაძეს გაატანა. მან მცველს ჩვეულ სტილში შემოურბინა და ლაშხს გადაცემა არ დაუგვიანა.
მე-8 წუთზე კიდევ ერთი ეშხიანი ლელო გავიდა. მირიან მოდებაძემ მცველი აიყვანა, ფეხზე დარჩა და საჭირო პაუზის შემდეგ ოფლოუდი თორნიკე კახოიძეს ამოუგდო, რომელიც ნაკრებში მეორე შეხვედრას ატარებდა. თავის მხრივ, თორნიკემ ოფოუდი აკა ტაბუცაძეს გაუხერხა და მანაც თავისი პირველი ლელო გაიტანა. 22-ე წუთზე, კარის წინ ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ, ბურთი ფრთაზე ჩათამაშდა და ტაბუცაძემ ის მარჯვენა ალამთან დაამიწა. მატკავამ სამივე რთული გარდასახვა გაიტანა.
31-ე წუთზე თამაში კიდევ ერთხელ ავაჩქარეთ, რასაც უმალ მოყვა სივრცეების გამოჩენა, ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შეიქმნა, ტაბუცაძემ კი მცველი გააბითურა და მიჯრით მესამე ლელო მიითვალა. ამას ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას ინდივიდუალური გარღვევები მოყვა, წითელ ზონაში საქმეში მძიმე ფორვარდები ჩაერთვნენ და კოტე მიქაუტაძემ იერიში 5 ქულით დაასრულა, შესვენების წინ კი გერმანელები შერკინებაში დავძარით, 5 მეტრი დავახევინეთ და ლელო თორნიკე ჯალაღონიამ მიითვალა - 42:0.
სამი მოლით და ორი ხაზით
შესვენების შემდეგ მთლიანად შეიცვალა პირველი ხაზი, რასაც მალევე მოყვა სხვა ცვლილებები და 15 წუთის შემდეგ მარქაფის ყველა მოთამაშე მოედანზე იყო. ამან გარკვეული პერიოდით ჩვენი თამაში არია, რითაც კარგად ისარგებლეს სტუმრებმა და ფეხით შეცურებული ბურთი ლელოში ფელიქს ლამერსმა შეიტანა.
პასუხად საქართველომ 53-ე წუთზე დერეფნიდან მოლი დააყენა და ის გიორგი ცუცქირიძის ლელოთი დასრულდა. 5 წუთში ლაშა ხმალაძემ ითამაშა ჭკვიანურად, დროული გადაცემით კახოიძეს ხაზი გააჭრევინა, მანაც დაახლოებით 35 მეტრი ირბინა, შეტევას კარგად მიყვა მიშიკო ალანია და პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა. მასპინძლებმა კიდევ ერთხელ მოადუნეს ყურადღება, 22-ში ფეხით მოკლეზე გადაკიდებული ბურთი ხელში გერმანელთა მგეზავ ედოარდო სტელას ჩაუვარდა და მან თავისივე ლელო გარდასახა.
თავის ვიზავის მატკავამ 67-ე წუთზე უპასუხა, ცრუმოძრაობებით სტუმართა დაცვის ხაზი გაჭრა და ლელოს გარდასახვაც მიაყოლა. მატჩის მიწურულს ბორჯღალოსნებმა დერეფნიდან ორჯერ დააყენეს შედეგიანი მოლი და ორივე ცუცქირიძის ლელოთი დასრულდა. მატკავამ მხოლოდ მე-10 გარდასახვა ვერ გაიტანა, რამაც კარში დარტყმების 100%-იანი მაჩვენებელი გაუფუჭა (91%). მიუხედავად ამისა, ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულად დასახელდა.
საფინალო სასტვენის შემდეგ ბორჯღალოსნებმა წრე შეკრეს, რომელშიც ნოდარ ჭეიშვილის საბედო შევიდა და ჩვენმა მეორეხაზელმა მას ხელი უამრავი მოწმის თანხლებით სთხოვა, საპატიო წრის შემდეგ კი ლაშა მალაღურაძემ რაგბის ქომაგებისგან - „ბორჯღალოსნებისგან" ცენტურიონის მუზარადი ჩაიბარა!
ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრას 11 თებერვალს, ამსტერდამში ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, ესპანეთს მადრიდში დიდი ბრძოლა გაუმართა და მასპინძლები გვარიანად ანერვიულა, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ესპანეთმა 28:20 მოიგო.
გუშინ გაიმართა „ბ" ჯგუფის ორი შეხვედრა. რუმინეთმა პოლონეთი 67:27, ხოლო პორტუგალიამ ბელგია 54:17 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ
მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა ბექა საღინაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ლევან მაისაშვილი: „მას შემდეგ, რაც რაგბი ევროპამ ტურნირის ფორმატი შეცვალა, ცხადი იყო რომ ასეთი სხვაობა იქნებოდა. ასეთ თამაშებზე რთულია მოტივაციის შექმნა, რაც ერთგვარი წნეხია, თუმცა კვირის დასაწყისში გუნდში გვქონდა საუბარი და შევთანხმდით - არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მოწინააღმდეგე, მთავარია ჩვენ ვიყოთ ის, ვინც ვართ და რას ვაკეთებთ. სწორედ აქ არის პროფესიონალიზმი. გერმანიამ რაც შეძლო იბრძოლა, მაგრამ დომინანტები ვიყავით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ანგარიში, არამედ ის, თუ როგორ გადავიტანდით მოედანზე იმას, რაზეც კვირის განმავლობაში ვმუშაობდით. მთელ რიგ ეპიზოდებში ეს შევძელით. იყო შეცდომებიც და ვეცდებით მომდევნო კვირაში კიდევ უფრო კარგი თამაში ვაჩვენოთ".
„12 ქულა მივიღეთ, რაც პატარა ამოვარდნების შედეგები იყო. დისციპლინა მხოლოდ წესის დარღვევა არაა, ესაა გეგმიდან ამოვარდნაც და რამდენჯერმე სწორედ ასე დაგვემართა, ოდნავ უსისტემოდ ვითამაშეთ, მობილიზაცია არასაკმარისი იყო და შედეგიც სახეზეა. სასაყვედურო არავისთან არაფერია, რადგან როდესაც ასე დომინირებ, რთულია ბოლომდე სისტემაში დარჩე. გავიტანეთ ლამაზი ლელოები, კარგი გარღვევები, გადაწყვეტილებები და შესრულება გვქონდა, რისთვისაც მადლობა ბიჭებს".
„ჩვენი მთავარი მოცემულობა იყო, რომ შანსი მიგვეცა დებიუტანტებისთვის, ასევე მეტი სათამაშო დრო მთელი რიგი მოთამაშეებისთვის. მივიღეთ რისკიანი გადაწყვეტილებებიც. თამაშის დასრულებამდე 30 წუთით ადრე ყველა შეცვლა გამოვიყენეთ, რაც ერთგვარი რისკი იყო. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვინმე დაშავებულიყო და მოედანზე კაცნაკლული დავრჩებოდით, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავით. მთლიანობაში, დებიუტანტებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მინდა მათ მივულოცო პირველი სანაკრებო კეპი. ასევე ლაშა მალაღურაძეს ვულოცავ მე-100 კეპს, რაც ძალიან დიდი მიღწევა და ბედნიერებაა, რისი შანსიც ყველას არ აქვს".
„რამდენიმე ლიმიტირებული მოთამაშე გვყავდა, რომელთაც ტრავმები ჰქონდათ. ჩვენთვის მორაგბეთა ჯანმრთელობის ფასი არაფერია. სულ რომ თამაში წავაგოთ, გამოუჯანმრთელებელ მოთამაშეს მოედანზე არ გავიყვანთ. გარდა ამისა, ზოგიერთ მათგანს წლის განმავლობაში საკმარისი სათამაშო დრო აქვს და დასვენების საშუალება მივეცით. მათი ნაწილი ნიდერლანდებთან, ნაწილი კი ესპანეთთან დაგვემატება. რაც შეეხება ნიდერლანდებთან თამაშს, კარგად გვახსოვს, რომ წლების წინ, დაუფასებლობის გამო მათთან თამაში გაგვიჭირდა და იგივეს გამეორებას არ ვაპირებთ. მათთან შეხვედრა შემდეგი ნაბიჯია".
ბექა საღინაძე: „მადლობა მოწინააღმდეგეს ბრძოლისთვის, ჩვენს გუნდს კარგი თამაშისთვის და მაყურებელს მობრძანებისა და ქომაგობისთვის. ჩემი კაპიტნობა მოულოდნელი იყო. თამაშამდე ორი დღით ადრე ასეთი დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ვეცადე სწორად მივყოლოდი იმ მოცემულობას, რაც მერაბ შარიქაძემ და ბექა გორგაძემ დანერგეს. რაც შეეხება თამაშს, გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები, თუმცა მთიანობაში 2023 წელი კარგ ნოტაზე გავხსენით".
„ბიჭებმა ვიცოდით რას აპირებდა ნოდარ ჭეიშვილი და გუშინ პატარა რეპეტიციაც გავიარეთ. მთელი გუნდის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავ ნოდარს დაოჯახებას და ვუსურვებ ბედნიერებას თავის მეორე ნახევართან ერთად".
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023
ჯგუფური ეტაპი. პირველი ტური
5 თებერვალი. ავჭალა. 3100 მაყურებელი
საქართველო - გერმანია 75-12 (42-0)
საქართველო
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გურამ პაპიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე (კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. სერგო აბრამიშვილი, 18. ვახტანგ აბდალაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე), 20. ოთარ გიორგაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ლომიძე, 23. ლაშა ხმალაძე.
11 ლელო: ლაშხი, ტაბუცაძე (3), მიქაუტაძე, ჯალაღონია, ცუცქირიძე (3), ალანია, მატკავა
10 გარდასახვა: მატკავა
1 სინბინი: გიორგაძე
ნიდერლანდები - საქართველო (11 თებერვალი)
ესპანეთი - საქართველო (18 თებერვალი)