ლაშა შავდათუაშვილმა ზედიზედ მეორედ, პარიზის გრან სლემი მოიგო. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა ჯუდოკამ, სამივე ოლიმპიური სინჯის მედალოსანმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, 2023 წლის გრან სლემების სერიის პირველ ტურნირზე, ფინალში მისთვის უხერხული მეტოქე, ბრაზილიელ დანიელ კარგნინს, რომელთანაც დღევანდელ ფინალამდე ორი შეხვედრა ჰქონდა გამართული და ორივე წაგებული, ერთ წუთსა და 8 წამში მოუგო.
-73 კგ წონით კატეგორიაში, „შავიმ" ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ბადეში პირველი ორი შეხვედრა, ჰანსოკ-მაკეთი ჯერ დომენიკელი, შემდგე კი, იტალიელი სპორტსმენები გამოთიშა ასპარეზობას. აქედან, იტალიელმა ორთაბრძოლა მხოლოდ „გოლდენ სქორში" დათმო. დამატებითი დრო დასჭირდა შავდათუაშვილს, ყველა ბრძოლაში ფინალამდე. ქართველმა ბადიდან გასასვლელად ყაზახი დანიარ შამშაიევი დაამარცხა იპონით, 1/2 ფინალში, ვაზარით სძლია კორეელ კანგს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
-60 კგ წონით კატეგორიაში, კარგად დაიწყო თემურ ნოზაძემაც, რომელმაც ჯერ ავსტრალიელი, შემდეგ კი, ტურნირის მასპინძელი ძიუდოისტები გამოთიშა ასპარეზობას, თუმცა, ბადიდან გასასვლელი ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევთან დათმო და რეპეშაჟში გადაერთო. თუმცა, აქ კორეელ ძიუდოისტთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
დღესვე, -66კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ბაგრატ ნინიაშვილმა, რომელმაც ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა, 1/8 ფინალში, მოლდოველ დენის ვიერუსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. -57კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა მარიამ ციხელაშვილი, რომელიც მეორე წრიდან ჩაერთო და პირველივე შეხვედრაში, კუბელ ჯუოკასთან დამარცხდა.
ხვალ, პარიზის გრან-სლემზე ქართველები კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლენ:
-81 კგ ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური
-100 კგ გიორგი ბერიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი
ხვალვე, -70კგ წონით კატეგორიაში, ქალთა შორის უნდა ეასპარეზა ელისო სისაურს, თუმცა, IJF-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ამ დროისთვის ქართველის გვარი გადახაზულია.
ფოტო: IJF/ თამარ ყულუმბეგაშვილი