2023 წლის პირველ მატჩამდე 24 საათით ადრე, ბორჯღალოსნებმა „შევარდენზე" დასკვნითი, კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
სამატჩო შემადგენლობამ ერთი საათის განმავლობაში კიდევ ერთხელ გადაიმეორა კომბინაციები და სარაგბო უნარები, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა: „წლის პირველი მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან მასზეა დამოკიდებული რაზე დავაშენებთ ჩვენს შემდგომ მოქმედებებს. ტრავმებიდან გამომდინარე გვაქვს დანაკლისი. გარდა ამისა, შემადგენლობაში არის როტაცია. გუნდში ბევრი ახალი სახეა. ჩვენი სურვილია, რომ ეს მოთამაშეები საქმეში ვნახოთ და ჩავატაროთ პატარ-პატარა ექსპერიმენტები. ვფიქრობ, შეხვედრას კარგად მომზადებულები ვხვდებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს კარგ თამაშს ვაჩვენებთ".
„როდესაც ესა თუ ის მოთამაშე სანაკრებო სივრცეში შემოდის, იმას არ ნიშნავს, რომ მაშინვე მიიღებს თამაშის შანსს. ახალი ბიჭები ჩვენთვის კარგად არიან ნაცნობი, დიდი ხანია ჩართულნი არიან საწვრთნელ პროცესში, უბრალოდ, მათი თამაშის შესაძლებლობა აქამდე არ მოგვეცა. მათგან ორი 'შავ ლომში' თამაშობს, კარგად იცნობენ გუნდის სათამაშო სისტემას, მაღალ დონეზე აქვთ სარაგბო უნარები და ერთადერთი სანაკრებო თამაშების გამოცდილება ჭირდებათ".
საქართველო 5 თებერვალს, 13 საათზე, გერმანიას „ავჭალაზე" მასპინძლობს. ბორჯღალოსნებს მეტოქე 9-ჯერ ყავთ დამარცხებული, 2019 წლის შემდეგ კი, მას პირველად შეხვდებიან. გერმანიამ 2022 წლის რაგბი ევროპის ალაფა მესამე ადგილზე დაასრულა, თუმცა ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის 8-მდე გაზრდის შემდეგ, ისინი ელიტაში დაბრუნდნენ.
ვასილ ლობჟანიძე იმედოვნებს, რომ ხვალინდელი თამაში სანახაობრივი გამოვა: „გერმანია ალაფიდან დაწინაურდა და შეეცდება დაამტკიცოს რა შეუძლია. ჩვენ გასული წელი მაღალ ნოტაზე დავასრულეთ და ვიმედოვნებ ახალი წლის დასაწყისიც კარგი გვექნება. მოსამზადებელმა ეტაპმა კარგად ჩაიარა და ლამაზი, ლაღი თამაშის მოლოდინი გვაქვს".