ინფრასტრუქტურა, „ევრო“ – „ევროდ“ და შანსი პირველად ქართული ფეხბურთი, მოხვდეს ოლიმპიურ თამაშებზე
ინფრასტრუქტურა, „ევრო“ – „ევროდ“ და შანსი პირველად ქართული ფეხბურთი, მოხვდეს ოლიმპიურ თამაშებზე
04.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მესამე ვადით არჩეული, სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, არჩევნებამდე წარმოდგენილ ანგარიშში, 2023 წელს დაგეგმილ ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატის შესახებ ისაუბრებს და სუფთა წყლის საფეხბურთო ინტერესის გარდა, ხაზს გაუსვამს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც საქართველოში მომავალი თაობის ფეხბურთელებს გამოადგებათ. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ტურნირის მასპინძლობისთვის სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი ინვესტიცია სწორედ, ინფრასტრუქტურაზე იხარჯება. ბუნებრივია ჩვენ არ ვართ, არაბული ან აფრიკული ქვეყანა, სადაც მუნდიალისთვის აშენებულ სტადიონებს შლიან და მომავალი მუნდიალის გასამართ ადგილას გადააქვთ. ჩვენთან, რაც შენდება, ის ქართული ფეხბურთის მომავალი თაობებისთვის კეთდება.




ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12 საფეხბურთო ობიექტი განახლდება და ახალი აშენდება. ალბათ, გემახსოვრებათ, რომ სწორედ ევროპის 19-წლამდეთა ჩემპიონატისთვის, წლების წინ, გაკეთდა გორის „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი". „დინამო არენას" კი, უეფა-ს 2015 წლის სუპერ თასისთვის ჩაუტარდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა, „დინამო არენა", „ევრო 2023"-სთვის კიდევ ერთხელ „შეკეთდება", ამჯერად, ისევე როგორც აღნიშნული ტურნირისთვის, მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებისას ყველა სტადიონზე, ქვეყნის მთავარ არენაზეც მინდორზე ჰიბრიდული საფარი გაკეთდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „დინამო არენაზე" ე.წ. ზოლების პრინციპით უკვე დამონტაჟებულია სადრენაჟე და სარწყავი სისტემები. დაწყებულია, განათების დემონტაჟი და მონტაჟი ფილიპსის ტიპის ლედ-განათებით. სწორედ „დინამო არენაზე", საქართველოსა და პორტუგალიის 21-წლამდეთა შეხვედრით გაიხსნება „ევრო-2023".


„2023 წელი უპრეცედენტოა ჩვენთვის, რადგან 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ და ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები არის წარმოდგენილი ფინალურ ეტაპზე. ამიტომ, წარმატება უნდა ვუსურვოთ გუნდს. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ტურნირისთვის შენდება, გამოყენებული იქნება ქართული ფეხბურთისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის. ტურნირის ორგანიზებაში ათასამდე ადამიანი იქნება ჩართული, ყველა საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებს და უფრო მეტი გადამზადებული ადამიანი გვეყოლება. მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა და გულშემატკივართა მხარდაჭერა", - იტყვის ყრილობის დასრულების შემდეგ, დღეს, დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი.




თუმცა, ინფრასტრუქტურისა და მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის გარდა, 21-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ეძლევა უნიკალური შანსი პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიგოს და ზაფხულის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს სათამაშო სახეობებიდან გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას.


„თქვენ ფედერაციამ იმუშავეთ ძალიან კარგად ფიფა-სთან, უეფა-სთან, მთავრობასთან. ყველა ეს შესრულებული პროექტი ჩანს და ვისაც ამის დანახვა უნდა ხედავს. სფფ-ს სწორი მიმართულებით მუშაობს. ის, რომ საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ აღნიშნეთ და მეც მინდა გავიმეორო, როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, მოვხვდეთ ოლიმპიადაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ევრო 2023"-ის ჯგუფური ეტაპი იმართება საქართველოში, მერე. ფინალიც არის ჩვენთან, ბათუმში და თუ, ჩვენ მივაღწიეთ, რომ ჩვენი, ქართული ფეხბურთი პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდეს, ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება. ჩვენ გვყავს პრიზიორები, ხუთი ოლიმპიელი გვყავს ფეხბურთიდან (ლაპარაკია იმ ქართველ ფეხბურთელებზე, რომლებიც სსრკ-ს დროს იცავდნენ სსრკ-ს ოლიმპიური ნაკრების ღირსებას) და დიდი სურვილია ჩემი, როგორც სეოკ-ის პრეზიდენტის, რომ ფეხბურთი და გუნდური სახეობა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდეს, " - ამბობს ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, სფფ-ს ყრილობის მსვლელობისას.




საქართველო, 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად, 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს სამი ქალაქის ოთხ სტადიონზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდება. ფინალი კი 8 ივლისს, ბათუმი არენაზე გაიმართება.



სტატიაში გამოყენებულია სფფ-სა და უეფა-ს ფოტოები