გამოწვევები, სირთულეები, მთელ რიგ საკითხებში წინსვლა და კიდევ ბევრი საკითხი, სადაც ცვლილებებია საჭირო - საერთო საქმე, რომელიც ერთმა ადამიანმა არ უნდა აკეთოს და სწორად გაკეთების შემთხვევაში, მოიგებს ქართული ფეხბურთი - ეს არის მოკლედ, ის გზავნილი, რომელიც დღეს, სასტუმრო „რედისონში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა შეკრებილებს და სატელევიზიო-სტრიმის მაყურებელს გაუგზავნა. მოგეხსენებათ, კობიაშვილი დღეს გამართულ არჩევნებზე, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. შესაბამისად, ამ ფაქტს, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა.
„ხშირად მეკითხებიან, ამ არჩევნებზე რატო ხართ მარტო? ჩემთვის ეს კომფორტი არ არის. გამიხარდებოდა და ვისურვებდი, რომ დღეს ყოფილიყო ადამიანი, ან ადამიანები, ვისაც მოვუსმენდით. ვინაიდან ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი კრიტიკა, ყოველთვის არის მნიშნელოვანი. არც წინა არჩევნები იყო ჩემთვის კომფორტული, ვინაიდან მაშინაც მარტო ვიყავი. ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის, უდიდესი მოტივაცია - ვემსახურო ამ დიდ ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს კომფორტს არ მაძლევს. პირიქით, ჩემთვის ეს არის გამოწვევა, რისთვისაც მზად ვარ. ვინაიდან, ეს არის ჩემი ცხოვრება.
მე არ მაქვს პასუხი, რატომ ვარ მე აქ მარტო, თუმცა, მე მაქვს პასუხი, რატომ ვართ ჩვენ და რატომ ვარ მე. ყოველთვის, მოედანზე და მოედნის გარეთაც, პასუხი არის ძალიან მარტივი - ეს არის კონკრეტული გაკეთებული საქმეები და შედეგი. ეს არის პასუხისმგებლობა და არა კომფორტი. გამოწვევა და მზად ვარ ამ გამოწვევისთვის", - ამბობს ლევან კობიაშვილი, რომელიც სფფ-ს 33-ე საარჩევნო ყრილობაზე ერთხმად, მესამე ვადით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ხმის უფლების მქონე 28 სუბიექტიდან, კობიაშვილმა ოცდარვავე ხმა მიიღო.
სხვათა შორის, ფიფა-სა და უეფა-ს წარმომადგენლებმა, ყრილობაზე შეკრებილი აუდიტორიის წინაშე ქართული ფეხბურთის მრავალწლიან მიღწევებზე, ქართული ფეხბურთის როლზე რეგიონში, სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე, ქვეყანაში სპორტული ინფრასტუქტურის განვითარებაზე, ყოფილ და მოქმედ საფეხბურთო სახეებზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრეს და შეეხნენ, ლევან კობიაშვილს (მის გუნდს), რომელსაც საერთო ევროპულ ფეხბურთში, საქართველო ახალ „ლეველზე" გაჰყავს. ამის დასტური კი, 2023 წლის ზაფხულში, საქართველოში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატია.
სხვათა შორის, ამ ჩემპიონატს, ყველა სხვა დატვირთვასთან ერთად, აქვს კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი - 21-წლამდეთა ახალგაზრდული ევრო, პარიზის ოლიმპიური თამაშების წინ ტარდება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში (თუკი ჩვენ გავალთ 1/2 ფინალში) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, შეიქმნება პრეცედენტი და ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო, სათამაშო სახეობებში იქნება წარმოდგენილი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის სტაბილურობა, რომელიც ბოლო წლებში გვაქვს. სტაბილურად იზრდება ფეხბურთში დასაქმებული ადამიანების რიცხვი, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს წინსვლა და პროგრესი წლიდან წლამდე გაგრძელდეს... ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ ლევან კობიაშვილის კანდიდატურა უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა წარმატებულები ვიყოთ და ისტორიაში პირველად, ქართველი გახდეს უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი", - ამბობს დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი ყრილობის დასრულების შემდეგ.
და მაინც, ვიდრე დაიწყება ახალი 4-წლეულის ათვლა, რა გააკეთა ლევან კობიაშვილმა და მისმა გუნდმა, „კობის" მეორე საარჩევნო პერიოდის დროს, უბრალოდ „ბულიტებად" ვეცდები „ჩამოვყარო".
- სფფ-მ „წამოიღო" ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, 21-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება
- 21-წლამდეთა ნაკრები, მსგავს ტურნირზე პირველად ითამაშებს, ეს კი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებში ინტეგრირებას შეუწყობს ხელს
- ტურნირის მასპინძლობისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება სოლიდური ინვესტიციაზე, შენდება ახალი ობიექტები, რესტავრაცია უტარდება უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას
- საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც იასპარეზა და დებიუტანტის კვალობაზე, ჯგუფიდან გასვლაც მოახერხა
- საქართველოს ეროვნულმა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასავლელ ფლეი-ოფსა და ქართველი ქომაგების მთელი თაობების ოცნებას კიდევ ერთხელ მიუახლოვდა. თანაც, ეს უეფა-ს ერთა ლიგის წაუგებელი მატჩების ხარჯზე მოახერხა.
- ეროვნული ნაკრების იმიჯი 2022 წლიდან ახალ იდენტობასთან, „მე ვარ საქართველო!" ასოცირდება.
- მასობრივმა პროექტმა, რეალურად მასობრივი ხასიათი შეიძინა და ამის მაგალითია „მასტერლიგა".
- ქალთა ფეხბურთი ახალ სიმაღლეზე გადის, ქალთა ლიგაში მონაწილე გუნდების რიცხვი 19-ს აღწევს, ჩემპიონატი კი, ორ ლიგაში მიმდინარეობს. პარალელურად, გაიზარდა ქალთა ჩართულობა ფეხბურთში (მწვრთნელები, მენეჯერები, მსაჯები)
- ბავშვთა ფეხბურთი - სფგფ-ის დახმარებით მიმდინარეობს სკოლების კატეგორიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს აღნიშნული სკოლების დაფინასებას. ეს კი თავის მხრივ გაკონტროლდება მონიტორინგის ჯგუფების მიერ.
- ქართველი მსაჯები საერთაშორისო სარბიელზე და VAR-ი, რომელიც 2022 წლის სეზონიდან უკვე ქართული ფეხბურთს აუცილებელი ატრიბუტი გახდა.
- სამწვრთნელო - საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ბოლო წლებია წარმატებულად ტარდება საქართველოში, 2023 წლის სექტემბერში კი, ბათუმი, უეფა-ს მწვრთნელთა განათლების პროცესს უმასპინძლებს.
და ბოლოს, ყრილობამ, სფფ-ის პრეზიდენტთან ერთად, დელეგატებმა აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი შემადგენლობა აირჩიეს: აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილია ინჯია, ნინო სორდია, თენგიზ სულაქველიძე, რომან ფიფია, ბესიკ ჩიხრაძე, კახა ჭუმბურიძე, გოჩა ჯამარაული, ნიკოლოზ ჯღარკავა.
სფფ-ს ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი