საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ განიხილება აზიის შეჯიბრებებზე მათი მონაწილეობის საკითხი.
25 იანვარს IOC-ის აღმასკომი საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების წინადადებით გამოვიდა და იმავდროულად განმარტა, რომ შეჯიბრებებზე არ უნდა დაიშვან ის სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების მხარდამჭერად გამოდიან.
მოგვიანებით, აზიის ოლიმპიურმა საბჭომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ჩინეთის ჰანჩჟოუში გასამართ აზიურ თამაშებში მონაწილეობა შესთავაზა.
"პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებაზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. საუბარია ზაფხულის სეზონზე აზიის საერთაშორისო ასპარეზობებზე მათ დაშვებაზე. IOC-ის მიერ გამოქვეყნებულ ვერცერთ დოკუმენტში ვერ ნახავთ, რომ ნახსენები იყოს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე რუსული ან ბელარუსული პასპორტის მქონე სპორტსმენების დაშვება.
ერთი რამ ცხადია: ჩვენ არ ვსაუბრობთ რუს და ბელარუს სპორტსმენებზე, საუბარია ნეიტრალურ ათლეტებზე, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს წესებს, მათ შორის მათ ქვეყანასთან და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან გაიგივების გარეშე, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება ანტისადოპინგო წესების სრულად დაცვა," - ნათქვამია IOC-ის პრესრელიზში.
აღნიშნულია, რომ 2022 წლის თებერვალში შემუშავებული IOC-ის ყველა რეკომენდაცია კვლავაც ძალაში რჩება.
"ბოლო კვირებში და თვეებში ვხედავდით, თუ როგორ ეჯიბრებოდნენ უკრაინელი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუს და ბელარუს ათლეტებს. 2023 წლის იანვარში ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობა ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე ბელარუსმა (არინა საბალენკო) მოიგო. პირველ წრეში ვიხილეთ მატჩი უკრაინელ და რუს ჩოგბურთელს შორის. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სპორტული ლიგები და ტურები ამავე კონცეფციას მისდევენ, მაგალითად -ჩოგბურთსა და ველოსპორტში.
მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა ეოკ-ი და მათი სპორტსმენები, რომლებიც მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში, სრულიად დაიცავენ ოლიმპიურ ქარტიას," ნათქვამია IOC-ის პრესრელიზში.