ბაკურიანში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატამდე სულ მცირე დრო რჩება. ქართველი სპორტსმენები მთაზე, ორგანიზატორები კი თბილისიდან დაწყებული ყველა ლოკაციაზე, აღნიშნული ღონისძიებისთვის ემზადებიან. მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად 18 თებერვალს გაიხსნება, თუმცა, FIS-ის ოფიციალურ წყაროებში ჯერ დრო დაკონკრეტებული არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ პირველი ოფიციალური სტარტი, 19 თებერვალს, თბილისის დროით 12:30 საათზე, პარალელურ გიგანტურ სლალომში მიეცემა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი და რამდენი ქართველი სპორტსმენი, ასევე, რომელ სახეობებში სცდიან ძალებს ბაკურიანი 2023-ზე. თუმცა ცნობილია, რომ სნოუბორდერი რევაზ ნაზღაიძე, რომელიც წლებია საქართველოს საერთაშორისო სარბიელზე წარმოადგენს და ქვეყნის 8-გზის ჩემპიონია, ბაკურიანში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სნოუბორდის პარალელურ გიგანტურ სლალომსა და პარალელურ სლალომში იასპარეზებს. პარალელურ გიგანტურ სლალომში ფინალური შეჯიბრი 19 თებერვალს გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ ტრავმის გამო, სლოუფსტაილში ვერ იასპარეზებს, ჯაბა სხვედიანი.
საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, ბაკურიანში მყოფ დამსვენებელს და სპეციალურად, მსოფლიო ჩემპიონატის საქომაგოდ ასულ გულშემატკივარს აცნობებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება უფასოა. გულშემატკივრისთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დღეს, შეჯიბრის ქართველმა ორგანიზატორებმა, სასტუმრო „რედისონში", ქართული მედიისთვის გამართულ საგანგებო, საინფორმაციო შეხვედრისას გამოაცხადეს. იქვე ითქვა, რომ პირველადი ინფორმაციით, ბაკურიანს 42 ქვეყნიდან 700-ზე მეტი სპორტსმენი ესტუმრება. „მართვის მოწმობის" „გამოცდაში", როგორც მომავალი საერთაშორისო ასპარეზობების საქართველოში ჩამოსატანად, „ბაკურიანი 2023"-ი ქართველმა ორგანიზატორებმა მონათლეს, საორგანიზაციო ყველა დეტალს მნიშვნელობა ექნება.
აღსანიშნავია, რომ 18 დღის მანძილზე, ბაკურიანის 3 სხვადასხვა, საგანგებოდ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოწყობილ სტადიონზე 7 სახეობაში მედლების 2-2 (ქალები, მამაკაცები) ინდივიდუალურ სახეობებში და ერთიც (პირველი სამეული) გუნდურში (სქი-კროსი) კომპლექტს გაათამაშებს. ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის შეჯიბრებს დიდველისა და კოხტას ფერდობები უმასპინძლებენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „დიდველის" მთაზე მოეწყო 2 სტადიონს, სადაც შეჯიბრებები 6 სახეობაში გაიმართება. კიდევ ერთი სტადიონი იქნება „კოხტაზე", სადაც მედლების ორი კომპლექტი გათამაშდება.
მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში, ოფიციალურად 16 თებერვალს გაიხსნება და 5 მარტამდე გასტანს. სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებისთვის შეიქმნა მუსიკალური კომპოზიციაც - „გაუმარჯოს მზეს - ბაკურიანი 2023", რომელიც საუნდქლაუდ-ის პლატფორმაზე გავრცელდა.