გერმანიას ცენტურიონით და დებიუტანტებით შევუტევთ
გერმანიას ცენტურიონით და დებიუტანტებით შევუტევთ
03.02.2023
ავტორი: რაგბის კავშირი

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციან განაცხადში გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი სამივე დებიუტანტი შეიყვანა.

ფრთა ოთარ ლაშხი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯი სერგო აბრამიშვილი კი მარქაფაში არიან. სამივე მორაგბეს სამწვრთნელო შტაბი დიდი ხანია აკვირდება, თუმცა აქამდე მათი საქმეში ხილვის შესაძლებლობა არ მისცემიათ.


მათ გარდა განაცხადში 8 ისეთი მორაგბეა, რომელთაც 10-ზე ნაკლები კეპი აქვთ. სასტარტო შემადგტენლობაშია და მეორე კეპს მოიხვეჭს ცენტრი თორნიკე კახოიძე; მესამე თამაშს ატარებს და პირველადაა ძირითადში მგეზავი ლუკა მატკავა; მეექვსე შეხვედრას ატარებენ ბურჯები ნიკა აბულაძე და გურამ პაპიძე;


თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან ბურჯი ვახტანგ აბდალაძე (1 კეპი), მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე (5 კეპი), 9 ნომერი მიხეილ ალანია (7 კეპი) და ცენტრი ლაშა ლომიძე (2 კეპი).


დებიუტანტებს და ახალბედა მორაგბეებს ზურგს გამოცდილი ბორჯღალოსნები გაუმაგრებენ. 3 წლის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა და ცენტრში იწყებს თამაშს ლაშა მალაღურაძე, რომელიც მე-100 კეპს მოიხვეჭს და მეხუთე ქართველი ცენტურიონი გახდება - დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის, სანდრო თოდუასა და გიორგი ჩხაიძის შემდეგ.


მერაბ შარიქაძის არყოფნაში ბორჯღალოსნებს ბექა საღინაძე უკაპიტნებს. ის გახდება 34-ე მორაგბე, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების არსებობის 34 წლის განმავლობაში გუნდს გაძღოლია.


გერმანიასთან თამაშს იწყებენ გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი, მეორე ხაზის წყვილი - ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე; გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც ხანგრძლივი რეაბილიტაცია გაიარა და ცოტა ხნის წინ 'სტად ფრანსეში' სადებიუტო ლელო გაიტანა და შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია. სასტარტოში არიან 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ფრთა აკა ტაბუცაძე და ფულბეკი მირიან მოდებაძე.


ორი გამოცდილი მორაგბეა მარქაფაში - მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე და ფულბეკი ლაშა ხმალაძე.


ბორჯღალოსნები 2023 წლის პირველ შეხვედრას 5 თებერვალს, „ავჭალაზე" გერმანიასთან გამართავენ. მატჩი 13 საათზე დაიწყება.



რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023

ჯგუფური ეტაპი. პირველი ტური

5 თებერვალი. ავჭალა. 13:00

საქართველო - გერმანია


საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 45 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 95 ქულა), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 1 კეპი), 12. ლაშა მალაღურაძე (ყოჩები, 99 კეპი, 198 ქულა), 11. ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 2 კეპი, 3 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 70 კეპი, 73 ქულა);


შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 5 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 93 კეპი, 55 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 5 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 42 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 77 კეპი, 10 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 24 კეპი, 15 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 31 კეპი, 15 ქულა, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 18 კეპი, 20 ქულა).


მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, უკეპო), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, უკეპო), 18. ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი, 1 კეპი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 5 კეპი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 36 კეპი, 50 ქულა); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 7 კეპი), 22. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), 23. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 93 კეპი, 53 ქულა).



ნიდერლანდები - საქართველო (11 თებერვალი)

ესპანეთი - საქართველო (18 თებერვალი)