საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომელიც იტალიური ვირტუს ბოლონიას ღირსებას იცავს, ევროლიგის მორიგი ტურის მატჩის MVP გახდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 22-ე ტურში ბოლონიელებმა ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლეს და ზედმეტი გართულებების გარეშე - 84:72 დაამარცხეს. მატჩში ყველაზე შედეგიანი და შესაბამისად, MVP-ის ტიტულის მფლობელი თორნიკე შენგელია გახდა.
თორნიკემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26:12 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შეხვედრის ერთ-ერთი ულამაზესი ეპიზოდი იყო, როცა ჰაკეტის ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ თოკომ ბურთი კალათში ეფექტურად ჩატენა.
ვირტუს ბოლონიამ ამ მოგებით ცრვენა ზვეზდას გადაასწრო და 18-გუნდიალ ევროლიგაში, სადაც 8 საუკეთესო პლეი ოფში გადის, მე-11 ადგილზე გადავიდა. თორნიკეს კლუბი მომდევნო ტურში ფრანგულ ლიონს დაუპირისპირდება.
ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი ბოლოსთვის: შენგელია ამ მატჩში გადაცდა ევროლიგაში მოგროვებულ 2500-ქულიან ზღვარს.
ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ესპანურმა "მურსიამ", რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 წევრი - რატი ანდრონიკაშვილი იცავენ. "ბილბაოსთან" მატჩში ორივე მათგანმა ითამაშა და გამარჯვებაშიც საკუთარი წვლილი შეიტანა.
შეხვედრა მურსიელებმა 18 ქულის სხვაობით - 90:72 მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოგებ-წაგებები გაითანაბრეს: 1:1. საბოლოოდ, მაკფადენმა მურსიას გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მან არასრულ 21 წუთში გუნდს 17 ქულა მოუტანა (3 სამქულიანი ჩააგდო). თადის ანგარიშზეა 4 პასი და 1 მოხსნა, მაგრამ 4 დაკარგვაც. 4 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა ანდრონიკაშვილმა - მან 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში ასპარეზობს გიორგი შერმადინის "ტენერიფე", რომელმაც პირველ ტურში სწორედ მურსიას მოუგო. 1-ელ თებერვალს ტენერიფელები თურქულ დარუშაფაკას ეთამაშებიან, ხოლო 7 თებერვალს სტამბოლს სათამაშოდ მაკფადენისა და ანდრონიკაშვილის მურსია ესტუმრება.