„სპორტფოტო“ სსჟა-ს 2022 წლის რჩეულთა შორისაა და გურამ თიკანაძის სახელობის პრემიის მფლობელია
„სპორტფოტო“ სსჟა-ს 2022 წლის რჩეულთა შორისაა და გურამ თიკანაძის სახელობის პრემიის მფლობელია
31.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩვენი ვებ-პორტალის TSFF.Ge-ს ერთ-ერთი პროექტი „სპორტფოტო" საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (სსჟა) ტრადიციული ჯილდოს, „გურამ თიკანაძის პრემიის" ლაურეატი გახდა. აღნიშნული პრემია, ქართულ სპორტულ ფოტოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ენიჭებათ ხოლმე. ჩვენამდე, პრემიის 2021 წლის მფლობელი, ბევრი ქართველი სპორტული ფოტოგრაფის მასწავლებელი ბადრი კეთილაძე იყო. მათ შორის ჩვენი ჯგუფის წევრთა ერთ ნაწილისაც. შესაბამისად, სიმბოლურია, რომ ბადრის გარდაცვალების შემდეგ, ესტაფეტა ჩვენ ავიღეთ და ჯილდო, იმ პროექტს ერგო, რომლის მონაწილე დაარსების დღიდან (ახალი ფორმატი გვაქვს მხედველობაში) და დიდი გულშემატკივარი, თავადაც იყო.

„სპორტფოტო" არის ერთგვარი წლის შეჯამება კადრში და საწყისს, 2004 წლიდან იღებს, როდესაც, ერთმა სპორტით, ფოტოგრაფიითა და ვიდეო-დოკუმენტალისტიკით შეყვარებულმა სამეგობრომ, პროექტი „ნიამორი" დაიწყო. თავდაპირველად, 2014 წლამდე, ჯგუფი, სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალს „ნიამორს" ატარებდა, რომელშიც მონაწილეობა, საერთო ჯამში 25-მა ქვეყანამ მიიღო. ფესტივალთან, წლების მანძილზე, ბევრი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურა, საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, ქართული და უცხოური სპორტული კლუბები თანამშრომლობდა. პარალელურად ეწყობოდა ფოტო-გამოფენა-კონკურსები, სადაც მხოლოდ ზემოთაღნიშნული თემატიკის ფოტოებს ვთავაზობდით დამთვალიერებელს. თუმცა, მოგვიანებით, აღმოვაჩინეთ, რომ ხალხმა დაიწყო მთაში სიარული, აქტიურად ჩაება სპორტის ექსტრემალური სახეობების მთელ ლაბირინთში, დაიწყო იქ, კინოსა და ფოტოს გადაღებაც. თუმცა, სპორტის ტრადიციული და ქვეყანაში პოპულარული სახეობებიდან ისე წავიდნენ თაობები, რომ მათი ასპარეზობის ამსახველი ფოტო მასალა, თითქმის არ არსებობდა.


გადაწყდა ფორმატის შეცვლა და „ნიამორი"-ც, „სპოტფოტომ" ჩაანაცვლა, რომელიც 2014 წლიდან, უკვე მეცხრედ, თუ არ ჩავთვლით კოვიდით არეულ განრიგს, 2023 წელს, კვლავ თებერვალში ჩატარდება - მოეწყობა გამოფენა და დაიბეჭდება კატალოგი. ბუნებრივია, აღნიშნულ თემას, ჩვენ მოგვიანებით და უფრო დეტალურად დავუბრუნდებით, მანამდე კი, „გურამ თიკანაძის სახელობის პრემიის" შესახებ, რომელიც, ჩვენს პროექტს, „სპორტფოტოს" გადმოეცა.


ვინც იცის, გურამ თიკანაძის შესახებ, ისიც იცის, რომ ის პროფესიით გეოლოგი და არსებითა და მოწოდებით ფოტოგრაფი იყო, პირველი ქართველი, რომელმაც, ფოტოგრაფიაში პირველი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ამავდროულად ის, იყო მთამსვლელიც, რომელიც 1963 წლის 27 აგვისტოს სწორედ, მთაში, შხარადან დაშვებისას დაიღუპა. ალბათ, ამიტომ, ეს პრემია, ჩვენი ჯგუფისთვის, ბადრისგან დატოვებული მემკვიდრეობის გარდა, კიდევ ერთი სიმბოლოა და მეტ პასუხიმგებლობას გვმატებს.


როგორც ამ პროექტის ხელმძღვანელმა, მინდა კიდევ ერთხელ და ასე, სტატიის სახით მადლობა გადავუხადო საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელის შემადგენლობაც წლების მანძილზე იცვლებოდა, თუმცა, ბირთვი ეკა ელოშვილი, ნინო ალავიძე, ივა ხარაძე და სოფო თვარაძე (პირველი ქართველი ქალი მთამსვლელი, რომელმაც ჰიმალაიში ამა დაბლამი დალაშქრა) ერთგულად ყოველდღიურად, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე აღნიშნული პროექტისთვის მუშაობს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო სპორტსმენებს, რომლებსაც იმ ფუფუნებაში ვყავართ, რომ მსგავსი ფოტო-გამოფენისა და ფოტო-კატალოგის კეთების სურვილს გვიჩენენ და სტიმულს გვაძლევენ. თქვენ, მიაღწიეთ წარმატებებს და ჩვენ, ჩვენის მხრივ არ დაგზარდებით. მადლობა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, რომელმაც ჩვენი მრავალწლიანი შრომა დაინახა და დააფასა.


საღამოზე, რომელიც სსჟა-მ ამჯერად, სასტუმრო „პულმანში" ჩაატარა და ჩვენი დაჯიდლოების გარდა კიდევ ბევრ სხვადასხვა ნომინაციაში, 2022 წლის  რეფერენდუმის შედეგად საუკეთესოები დააჯილდოვა, 30 იანვარს ჩატარდა.


მოგახსენებთ, რომ სსჟა-ს რეფერენდუმი სათავეს 1964 წლიდან იღებს და წლის საუკეთესო სპორტსმენბს ავლენს. ამჯერად მასში, მონაწილეობა 40-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო და 2022 წლის საუკეთესოები 5 ნომინაციაში დაასახელა (სრული ვერსია).


2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა) გახდა, საუკეთესო ქალი სპორტსმენი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), საუკეთესო გუნდი/ნაკრები - საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი), საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ასანიძე (ძალოსნობა), და საუკეთესო პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი (ეტლით მოფარიკავე) გახდნენ.


ბუნებრივია, ჩვენს გარდა, მედიის სხვა წარმომადგენლებიც, სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, რომლებსაც სსჟა-ს აზრით, წვლილი მიუძღვით 2022 წელს, სპორტის ჟურნალისტიკის განვითარებაში.


არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ, სსჟა-ის პოზიციას, რომ „დღევანდელი სპორტი იქცა დამოუკიდებელ, მსხვილ ინდუსტრიად და ადგილობრივი, თუ გლობალური ღონისძიებები, წარმოუდგენელია ბიზნეს სექტორის ჩართულობის გარეშე". გუშინ, „პულმანში" ბიზნესის წარმომადგენლებიც დააჯილდოვეს, ქართული სპორტის გვერდში დგომისთვის. ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ გუშინ დაჯილდოებული და სხვა ბიზნესის წარმომადგენლები, მომავალში, ჩვენის მსგავსი პატარ-პატარა და „მუშა" მედიებითაც დაინტერესდებიან და ქართული სპორტის დიდების შესანახად, ჩვენც დაგვიდგებიან გვერდში. ვინაიდან მცირედითაც კი, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, ამ ჩართულობით გამოწვეული მედიის ინტერესი, პირდაპირპროპორციულია სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივრის სიმრავლისა და სპორტულ სარბიელზე კი, ქართველი სპორტსმენების მიერ ნაჩვენები მაღალ შედეგებისა.



ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილის