თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია "ა"-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მე-17 ტურში ბოლონიელებმა "ვერონას" უმასპინძლეს და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე გამოჩენილი სიზუსტის წყალობით 87:82 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 20 წუთი ითამაშა, ამ დროში კი 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8 იყო. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ააცილა.
ვირტუსს 13 მოგება და 4 წაგება აქვს, რითაც პირველ-მეორე ადგილს ოლიმპია მილანოსთან ერთად იყოფს. მომდევნო ტურში ბოლონიელები 5 თებერვალს, ბრეშას უმასპინძლებენ.
დღესვე ითამაშა ბექა ბურჯანაძის რეჯანამ, რომელიც სტუმრად ბრინდიზისთან 74:81 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 16 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
რეჯანა 5 მოგებით და 12 მარცხით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 თებერვალს, პეზაროს სტუმრად დაუპირისპირდება.
გამორჩეულად დ შედეგიანად ითამაშა თან მაკფადენმა, მაგრამ მისი გუნდი "მურსია" წაგებისგან ვერ იხსნა. მურსიელები ვიტორიაში "ბასკონიას" სტუმრობდნენ და მიუხედავად საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის კარგი თამაშისა, 80:87 დამარცხდნენ.
მურსიაში საუკეთესო მაკფადენი იყო, რომელმაც არასრულ 23 წუთში 20 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16 გამოდგა. თადმა 2-დან 1 ორქულიანი, 11-დან 5 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება რატი ანდრონიკაშვილს, ქართველი კალათბურთელი ამჯერად განაცხადში არ იყო.
მურსია 8 მოგებით და 10 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 თებერვალს, სევილიაში ბეტისს დაუპირისპირდება.
ფოტო: @Virtus Segafredo Bologna / @UCAM Murcia CB