ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი - მოკრძალებული, მაგრამ ღირებული ნადავლი პორტუგალიაში
ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი - მოკრძალებული, მაგრამ ღირებული ნადავლი პორტუგალიაში
29.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პორტუგალიის გრან-პრის წინ, IJF-ის ოფიციალურმა გვერდმა ტურნირის ანონსად ბანერზე პირველად წარადგინა ილია სულამანიძე. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა კი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოლოდინი არ გააწბილა და დღეს, -100კგ წონითი კატეგორია მოიგო. ფინალში, იაპონელ დოტა არაის უკვე 38-ე წამზე აუღო ვაზარი, შეხვედრის დაწყებიდან 1:12 წუთზე კი, მეტოქე იპონზე დააგდო და პორტუგალიის გრან-პრის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ჯგუფში ჯერ მასპინძელი პორტუგალიელ, შემდეგ ავსტრიელ და 1/2 ფინალში გასასვლელად, უკრაინელ ძიუდოისტებს მოუგო. ფინალისკენ კი, გზიდან ევროპის სამგზის ჩემპიონი ჩეხი ლუკაშ კრპალეკი საკმაოდ დაძაბულ ბძროლაში ჩამოიშორა და ფინალში მოხვდა, სადაც საბოლოოდ, 2023 წელს პირველი ოქრო აიღო.


ამავე წონაში, მედლის მოგების შანსი ჰქონდა ერეკლე ბაზიერიშვილს, რომელმაც პირველი წრიდან დაიწყო და მხოლოდ 1/2 ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში, დოტა არაისთან დამარცხდა. როგორც ჩანს ქართველს „განწყობა" რეპეშაჟშიც გადაჰყვა და იქ, სერბ ბოიან დოშენთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


ოქროს მედლის მოგების შანსი ჰქონდა +100კგ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილსაც, რომელმაც ფინალში იასპარეზა და სამწუხაროდ, მცირედი უყურადღებობა, სამხრეთ კორეელი კიმ მინიონის წინააღმდეგ ოქროს მედლის დაკარგვად დაუჯდა. თუმცა, ვერცხლის მედლით, საქართველოს გუნდს, ქულები შემატა.


ამავე წონაში სტარტზევე გამოეთიშა ასპარეზობას, ლევან მატიაშვილი, ისევე, როგორც -90კგ-ში, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნიკა ხარაზიშვილი. ერთი დღით ადრე, მედლების გარეშე დაასრულეს ასპარეზობა -73კგ-ში ლუკა კაპანაძე, გიორგი ჩიხელიძემ და -81კგ-ში ზაურ დვალაშვილი, რომელსაც ასპარეზობის მეორე დღეს, რეპეშაჟიდან ერთადერთს ჰქონდა მედლის აღების შასნი.


აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა, ვერც პორტუგალიის გრან-პრის პირველ საასპარეზო დღეს მოახერხეს მედლის მოგება. ამ დღეს, მედლებთან ყველაზე ახლოს გიორგი სარდალაშვილი იყო. სულ კი, პორტუგალიის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და თბილისში, მხოლოდ 2 მედლით ბრუნდება.