ესპოოში 5 მოციგურავით, 2024 წლის ევროზე კი უკვე 11 სპორტსმენით...
ესპოოში 5 მოციგურავით, 2024 წლის ევროზე კი უკვე 11 სპორტსმენით...
29.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თუმცა უკვე, დღეს, ფინეთის პატარა ქალაქ ესპოოში, ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართება. ქართული გუნდიდან, რომელიც 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე სამ დისციპლინაში 5 მოციგურავით იყო წარმოდგენილი უკვე ცნობილია, რომ ქართული გუნდიდან მონაწილეობას მხოლოდ, მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ანასტასია გუბანოვა მიიღებს. ბოლო წლებისთვის უჩვეულოდ, ვერ დაანთებს „ალადინის ლამფას" მორის ყვითელაშვილი, რომელმაც ესპოოში დასრულებულ ჩემპიონატზე მისთვის არადამახასიათებლად დაბალი შედეგი აჩვენა. თუმცა, მორისმა და ნიკა ეგაძესთან ერთად მოახერხეს მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის, მამაკაცთა თანრიგში ორი საგზურის შეენარჩუნება. ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ანასტასია გუბანოვას დამსახურებით, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთბაშად 3 ქალი მოციგურავით იქნება წარმოდგენილი ქალთა ერთეულთა თანრიგში.


ორი წყვილით იასპარეზებს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე საქართველო  სპორტულ ცეკვებში. თუმცა მანამდე, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა, მოახერხა  ორ დისციპლინაში სტაბილურად ასპარეზობა და ათეულში მოხვედრა. ფაქტია, რომ 2022 წლის შემდეგ, როდესაც მარია და გიორგი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, პირდაპირ „ტრავმის შემდეგ" აღმოჩნდნენ, აშკარად, ტურნირიდან ტურნირამდე უმატებენ. წყვილს მინიმუმამდე დაყვანილი აქვს ხარვეზები და მაქსიმუმამდე დახვეწილი სინქრონი, რასაც აბსოლუტურად მუსიკასთან შერწყმით ახერხებენ გააკეთონ და მათ გამოსვლაშიც, ილეთი, მხოლოდ ილეთის გამო არ სრულდება. წყვილი გიამბობს ამბავს და ამჯერად, თავისუფალ პროგრამაში ქართულმა წყვილმა „Mad World" / 2WEI-ის კომპოზიციაზე 9 ელემენტით (Dance Spin,  Straight Line Lift+Rotational Lift, Synchronized Twizzles, Midline Step Sequence, Choreographic Spinning Movement, Choreographic Character Step Sequence, One Foot Turns Sequence, Stationary Lift, Choreographic Sliding Movement) გაჯერებული ნომერი შეასრულეს და მსაჯებისგან 107.27 (61.71 /45.56) დაიმსახურეს. ეს დღის მე-8 შედეგი აღმოჩნდა, ისევე, როგორც ქართველების გამოსვლა პირველი პროგრამის შემდეგ. შესაბამისად, ორი პროგრამის ჯამში, კაზაკოვასა და რევიას წყვილი 175.82 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა.




საქართველოში დაბრუნებისთანავე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტს მარიამ გიორგობიანს, ჩვენ კონკრეტულად ესპოში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატსა შევაჯამებინებთ და ამასთან შევეცდებით, სპორტის ამ ლამაზი სახეობის გულშემატკივარს, მოვუყვეთ, თუ რეალურად „სად არის" ჩვენთან ეს სახეობა და რა პერსპექტივა აქვს. მანამდე კი რადგან მომავალი, 2024 წლის პერსპექტივებზე საუბრით დავიწყეთ სტატია, ამავე თემით დავასრულებთ. ესპოში არ უასპარეზიათ კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილს, შესაბამისად, 2024 წელს, სპორტულ წყვილებში ჩვენ კვლავინდებურად ერთი ლიზცენზია გვაქვს.  



ფოტო: ISU via gettyimages