ბაკურიანმა და საქართველომ ესტაფეტა ჩაიბარა!
ბაკურიანმა და საქართველომ ესტაფეტა ჩაიბარა!
29.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა. ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო, კერძოდ ბაკურიანი 2025 წელს უმასპინძლებს. დროშის გადაცემის საზეიმო ცერემონია დღეს, იტალიაში ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დახურვის ცერემონიაზე გაიმართა. მომავალი ოლიმპიური თამაშების (EOC) დროშა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს გადასცა.


ქალაქ უდინეში, ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიას, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი, ,,ბაკურიანი 2025''-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.




„ეს არის განსაკუთრებული დღე ქართული სპორტისთვის - ჩვენ გადმოგვეცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა, ნიშნად იმისა, რომ მომავალი ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში გაიმართება.  შესაბამისად, დაგვეკისრა დიდი პასუხისმგებლობა. დრო ცოტაა, საქმე - ძალიან ბევრი. მომავალი ორი წლის განმავლობაში მოგვიწევს ყოველდღიური მუშაობა საორგანიზაციო საკითხებზე, ინფრასტრუქტურულ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რათა ევროპულ ფესტივალს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. იმედი მაქვს, რომ მთავრობის მხარდაჭერით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტთან, ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან, შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობით ღირსეულად ვუმასპინძლებთ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს", - აღნიშნა ლერი ხაბელობმა.


მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ ფესტივალზე, რომელსაც იტალია 21-28 იანვრის ჩათვლით მასპინძლობდა, საერთო ჯამში 13 სახეობაში გამოავლინეს გამარჯვებულები, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის. 47 მონაწილე ქვეყნებში იყო საქართველო. ჩვენებმა სპორტის 4 სახეობაში, 8 სპორტსმენით იასპარეზეს.




ჩვენი გუნდიდან დიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელიც  ვაჯთა თანრიგში, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. სწორედ კონსტანტინეს ერგო, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, საქართველოს მედროშე ყოფილოყო.



ფოტო: სეოკ / თეო ომანაძე