ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია!
ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია!
28.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში კიდევ ერთი, ახალი ფურცელი დაიწერა. ამჯერად, მისი ავტორი ანასტასია გუბანოვა არის, რომელმაც ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო, პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი და პირველად ფიგურული ციგურაობის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.


ნასტია „გუბანჩიკი" მოკლე პროგრამის შემდეგ, ქალთა ერთეულთა თანრიგში იყო ლიდერი და მასზე ბევრად გამოცდილ ბელგიელ ლეონა ჰენდრიკს, სულ რაღაც 1,96 ქულით უსწრებდა. მოკლე პროგრამის შემდეგ, გუბანოვამ მედიასთან კომენტარისას განაცხადა, რომ რომ ეს დღე, დროებით უნდა დაევიწყებინა და ყინულზე ცივი გონებით გასულიყო. თქმა ერთია, გაკეთება კიდევ სხვა. მითუმეტეს, რომ საქართველოს გუნდის წარმომადგენელი ყინულზე ყველაზე ბოლოს უნდა გასულიყო და მას, ყველა, მათ შორის, ჰენდრიქსის შედეგიც ეცოდინებოდა. ალბათ, ფსიქოლოგები დამეთანხმებიან, რომ ამ მომენტში თავის ხელში აყვანა ბევრად უფრო რთულია, მითუმეტეს, როდესაც შესასრულებელი პროგრამა გაჯერებული გაქვს საკმაოდ რთული ელემენტებით. ანასტასიას პროგრამაში, ასეთი 12 სავალდებულო ელემენტი (3Lz+3T, 2A, 3Lo, 3S, Fly. Camel Spin, Choreo Sequence, 3F+3T, 3F+2T+2T, 2A, Step Sequence, Change Foot Comb. Spin, Layback Spin) იყო.




ყინულზე გამოსასვლელი სამი მონაწილე რჩებოდა. შვეიცარიელმა კიმი რეპონდმა სუფთად ისრიალა, თავისუფალ პროგრამაში 128.68 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა და დროებით ლიდერი გახდა. მომდევნო ყინულზე, უკვე ჩვენს მიერ ხშირად ნახსენები, ბელგიელი გამოვიდა - ლეონას მკაცრს სახეს, მღელვარებაც ემჩნეოდა და ეს მის გამოსვლასაც დაეტყო. გუბანოვას მთავარი კონკურენტი ყინულზე ორჯერ დაეცა და უკვე ნათელი იყო, რომ თავისუფალ პროგრამაში, მსაჯები ამ ხარვეზსს უკვე გვერდს ვეღარ აუვლიდნენ. შესაბამისად, ქართველის შანსები გაიზარდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ჰენდრიქსის გამოსვლა, 125.63 ქულით შეაფასეს.


ანასტასია ყინულზე მშვიდი და გაწონასწორებული იყო, თუმცა, შინაგანი ღელვა ემჩნეოდა და ეს ერთი ელემენტის ხარვეზით შესრულებისას დაემჩნა. თუმცა, გუბანოვამ თავი ხელში აიყვანა და ინდურ მოტივებზე (Latika's Theme by A.R. Rahman Ft. Suzanne Ringa RingaNicole) შექმნილი კომპოზიცია ესთეტურად შეასრულა. ის, რომ ღელავდა, რეპორტაჟზე მომუშავე კამერებმა მხოლოდ მაშინ „დაიჭირეს" როდესაც „გუბანჩიკმა" გამოსვლა დაასრულა და ატირდა და კიდევ მაშინ, როდესაც უკვე ევროპის ჩემპიონი ჰიმნების დროს აცრემლებული გვაჩვენეს. გუბანოვამ 130.10 (64.31 / 65.79) ქულა დააგროვა, რაც თავისუფალ პროგრამაში დღის საუკეთესო შედეგი იყო.  ორი პროგრამის ჯამში, ანასტასია გუბანოვამ 199.91 ქულა დააგროვა და უშუალო მდევარს 6.42 ქულით გადაასწრო.




„რა თქმა უნდა ეს იყო პროგრამის დასასრული, როდესაც ყველა ელემენტი შესრულებულია და ეს გრძნობა, რომ შევძელი. სიხარულის ცრემლები, თავისით წამოვიდა", - ამბობს გუბანოვა, გამოსვლის დასრულების შემდეგ და დასძენს, რომ  „ეს შეჯიბრი, მენტალურად წლის მანძილზე ურთულესი იყო. შეიძლება ამიტომ, იყო რთული სასრიალოდ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ კარგად გამოვედი. ეს რეაქციაც, დაღლისა და სიხარულის ნაზავი იყო".


ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში დღემდე საუკეთესო შედეგებად ითვლებოდა ელენე გედევანიშვილის ორი ბრინჯაოს (2010, 2012) და მორის ყვითელაშვილის (2020) ასევე ბრინჯაოს მედლები. ასე რომ, საჩემპიონო ყულაბას ახლა უკვე ოქროს მედალიც შეემატა.



 

 

ფოტო: (c) ISU / gettyimages