მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს
26.01.2023
ავტორი: რაგბის კავშირი

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს.

უმცროსი ბორჯღალოსნები „გ" ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ. „ა" ჯგუფში ჩემპიონი საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და იაპონია, ხოლო „ბ" ჯგუფში ავსტრალია, ინგლისი, ირლანდია და ფიჯი მოხვდნენ.


ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 24 და 29 ივნისს, ასევე 4 ივლისს გაიმართება, ნახევარფინალები 9 ივლისს შედგება, ფინალები კი 14 ივლისს.


ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის, ორი მეორეადგილოსანი და ორი უკეთესი მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი და სამი მეოთხეადგილოსანი მე-9-მე-12 ადგილებისთვის იბრძოლებენ. მე-12 ადგილზე გასული გუნდი 2024 წელს „ალაფაზე" დაქვეითდება.


2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა „ალაფა" 15-იდან 30 ივლისამდე კენიაში გაიმართება და მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. „ა" ჯგუფში შოტლანდია, ურუგვაი, კანადა ან აშშ და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული ითამაშებენ; „ბ" ჯგუფში ესპანეთი, სამოა, კენია და ჰონკონგი.


აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატსაც სამხრეთ აფრიკა მასპინძლობს.


„მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ორი შესანიშნავი ტურნირის, 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და „ალაფის" მასპინძელი ქვეყნები - სამხრეთ აფრიკა და კენია. ეს ტურნირები უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა, ნიჭიერი მორაგბეების განვითარებისთვის. ამ ტურნირებმა არსებობის 15 წლის განმავლობაში თავისი ეფექტურობა თვალნათლივ დაგვანახეს: არაერთმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა საერთაშორისო დონეზე და ბევრ მათგანს ვიხილავთ 2023 წლის მსოფლიო თასზე, რომელიც სექტემბერში დაიწყება. რაგბის განვითარების კუთხით, აფრიკა მნიშვნელოვანი რეგიონია და მადლობლები ვართ სამხრეთ აფრიკისა და კენიის, რომლებიც დაუვიწყარ სანახაობას გვთავაზობენ" - განაცხადა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა.


„სამხრეთ აფრიკა ამაყია მსოფლიო დონის ტურნირების მასპინძლობის გამოცდილებით, ასევე ტრადიციებით და მოხარულები ვართ, რადგან ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ მორაგბეთა მომავალ თაობებს. ჩვენ გვაქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, გვყავს ფანტასტიური გულშემატკივარი და დარწმუნებული ვარ ორ წარმატებულ 20-წლამდელთა ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ" - დაამატა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალექსანდერმა.


„სამხრეთ აფრიკა ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მოხარულნი ვართ იქ მორიგ ჯერზე ჩასვლის შესაძლებლობა რომ გვექნება. ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელსაც ვეწვევით სამხრეთ აფრიკას, რადგან საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი სარაგბო ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდები რეგულარულად თამაშობდნენ უმაღლესი დონის ტურნირებში. ამის დასტური ეროვნული ნაკრებია, რომელიც მუდამ ივსება იმ მაღალი დონის მოთამაშეებით, რომლებმაც დიდ რაგბში პირველი ნაბიჯები 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე გადადგეს" - აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.


შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში 2015 წელს აღზევდნენ და უძლიერესთა შორის ადგილი ზედიზედ 4-ჯერ შეინარჩუნეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ეს „ალაფიდან" დაწინაურებულმა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. 2020-2022 წლებში ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა და 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რაგბის დაარსების 200 წლის იუბილეზე ბრუნდება.