დღეს, პორტუგალიურ ალმადაში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით პირველი შეჯიბრი დაიწყო. პორტუგალიის გრან პრიზე, რომელიც 27-29 იანვარს გაიმართება, მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ნაკრებიც არის ჩასული, ამასთან, ნაწილობრივ განახლებული შემადგენლობით. ქართველები ორი წონითი კატეგორიის გარდა, 2-2 სპორტსმენით არიან წარმოდგენილები.
-60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა და ჯერ, ნიდერლანდელი და შემდეგ კი, მასპინძელი ჯუდოკები გამოთიშა ასპარეზობას, შემდეგ ჯგუფის მოსაგებად, უკრაინელ არტიომ ლესიუკს შეხვდა და ხანგრძლივ და დრამატულ ბრძოლაში, შეხვედრის დამატებით დროში იპონით დაამარცხა. 1/2 ფინალში ახალგაზრდა ქართველი, შედარებით გამოცდილ ესპანელ ფრანსისკო გარიგას შეხვდა და შეხვედრის დაწყებიდან მალევე, სამწუხაროდ, იპონით დამარცხდა. სარდალაშვილი რეპეშაჟის ფინალში ფრანგ სედრიკ რევოლს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ჰანსოკუ მაკეთი (მესამე გაფრთხილება) დამარცხდა. გიორგი, გრან პრის წლის პირველ შეჯიბრზე მედლის გარეშე დარჩა, თუმცა, პორტუგალიის გრან პრი, მხოლოდ ახალი კალენდარული წლის დასაწყისია და ჯუდოს ქართველ გულშემტკივარსაც მომდევნო ტურნირებზე, გიორგის უფრო წარმატებული გამოსვლის იმედი გვაქვს.
დღესვე, კიდევ ორი ქართველი -66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. გიორგი თუთაშვილი, რომელმაც პირველ წრეში ეკვადროლეი ძიუდოისტი დაამარცხა, მომდევნოში კი, თავად დამარცხდა უზბეკ მუხრიდინ ტილოლოვთან. რაც შეეხება ჩვენი გუნდის მეორე წარმომადგენელს, ის საქართველოს მოქმედი, 2022 წლის ჩემპიონია და ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. თუმცა, არც თუ წარმატებული. ის, ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში, ასევე უზბეკ ჯუდოკასთან, ბოდურ ვადიევთან დამარცხდა.
ხვალ, 28 იანვარს პორტუგალიის გრან პრიზე მედლების მორიგი კომპლექტები გათამაშდება. ქართველები ორ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. -73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩიხელიძე და ლუკა კაპანაძე გამოვლენ. -81კგ-ში კი ზაურ დვალაშვილი გამოვა ტატამზე.
შეგახსენებთ, რომ IJF-ის 2023 წლის პირველ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით არის წარმოდგენლი. ჩვენს მიერ უკვე ჩამოთვლილი ჯუდოკების გარდა პორტუგალიის გრან პრიზე 29 იანვარს იასპარეზებენ:
-90 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნიკა ხარაზიშვილი
-100კგ - ილია სულამანიძე და ირაკლი ბაზიერიშვილი
+100კგ - საბა ინანეიშვილი და ლევან მატიაშვილი
ფოტო: IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი