გამოცდილება და ოლიმპიური ფესტივალის მედლებთან ყველაზე ახლოს მდგომი მოციგურავე
გამოცდილება და ოლიმპიური ფესტივალის მედლებთან ყველაზე ახლოს მდგომი მოციგურავე
25.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ქართველი ახალგაზრდები იტალიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამოსვლას აგრძელებენ. დღეს, 25 იანვარს, ქალაქ პონტებაში, ასპარეზობა ფიგურულმა მოციგურავეებმა დაიწყეს. გულშემატკივრის წინაშე, მე-15 სასტარტო ნომრით, მოკლე პროგრამები კონსტანტინე სუპატაშვილი წარსდგა. 15 წლის ქართველის გამოსვლამდე, უკვე ცნობილი იყო, 16-დან 14 მონაწილის შეფასება. კონსტანტინემ 65.12 ქულით მე-5 შედეგი აჩვენა და თავისუფალი პროგრამის შესრულებამდე, კარგი წინაპირობა შეიქმნა ერთ-ერთი სინჯის მედლის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ სუპატაშვილმა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-4 ადგილზე გასულ ისრაელის წარმომადგენელს მხოლოდ,  2.5 ქულით ჩამორჩა, 16 გამომსვლელს შორის,  ტექნიკური ელემენტების შესრულებისთ ვის მე-4 შეფასება დაიმსახურა - 35,17, თუმცა, კომპონენტების შეფასების გამო და შედეგად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს მხოლოდ, მეხუთე იყო.


ხვალ, თავისუფალ პროგრამაში, კონსტანტინე ფინალურ ჯგუფში იასპარეზებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი საპრიზო სამეულში შესვლასაც მოახერხებს.


იხილეთ შეჯიბრის სრული ოქმი


დღესვე, სნოუბორდ ფრისტაილის მორიგი საკვალიფიკაციო გამოსვლა ჰქონდა  ნიკოლოზ გაბულდანს, რომელმაც  ძალები ამჯერად სლოუფსტაილში სცადა და 22 ქულით, მე-20 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. ქართველს, კვალიფიაციის გასავლელად და მედლებისთვის საბრძოლველად 10 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო საჭირო.


იხილეთ შეჯიბრის სრული ოქმი


იტალიაში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სააპარეზო ბადეში, ყველაზე დიდი კორექტივები ამინდს შეაქვს. სწოროედ, ამინდიდან გამომდინარე, ორგანიზატორები ანაცვლებენ დღეს და დისციპლინას. შესაბამისად, წინასწარ დაანონსებული გიგანგტური სლალომის (GS) ნაცვლად, ქართველმა სამთო მოთხილამურეებმა პირველად ძალები სლალომში (S) სცადეს. ამასთან, დაანონსებული 25 იანვრის ნაცვლად, სტარტზე 24 იანვარს დადგნენ..


100 მონაწილეს შორის, ქართველები ლევან ნაზღაიძე (#96) ოთარ წულეისკირი (#98) და ლუკა ბურდული (#95) სასტარტო ნომრებით გამოვიდნენ. მიუხედავად ამისა, ორმა, ლევან ნაზღაიძემ პირველი ცდის შემდეგ ტრასა 55.18 დაფარა, ცდის გამარჯვებულს +10.27-ით ჩამორჩა და 78-ე ადგილზე გასვლა მოახერხა. 79-ე ადგილს დასჯერდა ოთარ წულეისკირი 55.96 (+11.05).  ლუკა ბურდულმა კი, პირველი დაშვებისას ტრასა ვერ დაასრულა და ასპარეზობას გამოეთიშა.  მეორე ცდის შემდეგ, ქართველებმა პირველი ცდის შედეგები გააუმჯობესეს და ორი ცდის შემდეგ, ლევან ნაზღაიძემ 68-ე (1:49.17 / +17.09), ოთარ წულეისკირმა კი, 69-ე  (1:51.83 / +19.75) ადგილები დაიკავეს.


ქალთა შორის მოასპარეზე ნინო ენუქიძე, 88 მონაწილეს შორის სულ ბოლო გამოდიოდა. ქართველმა პირველი ცდისას ტრასა 1:00.51-ში ჩაამთავრა, თუმცა, ის საბოლოოდ, დისკვალიფიცირებული აღმოჩნდა.


ოლიმპიური ფესტივალის დასრულებამდე, ქართველები კიდევ იასპარეზებენ, მოთხილამურეები ძალებს გიგანტურ სლალომში, ფიგურულ ციგურაობაში კი, წინ ვაჟთა შორსი თავისუფალი პროგრამაა.