კარგი შეკრება, კარგი დატვირთვებითა და ფიტნესით, ახლა ჯერი ტაქტიკაზეა
კარგი შეკრება, კარგი დატვირთვებითა და ფიტნესით, ახლა ჯერი ტაქტიკაზეა
24.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა" ახალის სეზონის მზადების ფარგლებში, თურქული შეკრების პირველი ფაზა დაასრულა. თბილისელებმა სამი შეხვედრა გამართეს, პირველში უკრაინული პრემიერ ლიგის ლიდერთან „დნიპრო 1"-თან ფრედ, 3-3 (1-0, 2-0, 2-1, 2-2, 2-3, 3-3) ითამაშეს.  მეორეში, დაამარცხეს პლოვდივის „ლოკომოტივი" 2-0, და ბოლოს, წააგეს  (საკმაოდ დრამატული თამაში გამოვიდა და ამაზე მისი მიმდინარეობაც მეტყველებს, 0-1, 1-1, 2-1, 2-2, 2-3) „ცრვენა ზვეზდასთან" 2-3. ბუნებრივია, სეზონის მზადებისას, მითუმეტეს საწყისს ეტაპზე წაგებული-მოგებული თამაშების თვლა, ცოტა არასერიოზულია. თუმცა, სასიამოვნოა, რომ დინამოელებმა ამ შეხვედრებში, 7 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი, 6 გაუშვეს.


საქართველოს 19-გზის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი თვლის, რომ ამხანაგური შეხვედრები ყოველვის, გარკვეულ მიზანს ემსახურება და ამ ეტაპზე, თბილისელთა სამწვერთნელო შტაბის მიზანი, ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ახლადშეკრებილი გუნდის მდგომარეობის ნახვა და მათი, მოწინააღმდეგეებთან შედარება იყო.


 „ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი შეკრება გამოვიდა. კარგი თამაშები იყო და კარგი ვარჯიშები, დატვირთვებით. პირველი შეკრებით გვინდოდა, რომ გუნდის ფიტნესი გაგვეუმჯობესებინა. გვენახა, თუ როგორ ფუქციონალურ მდგომარეობაში ვიყავით. ვფიქრობ, რომ ეს, კარგად მოვახერხეთ. გეგმაზომიერად მივდივართ. ბიჭები კარგად არიან. როგორც არ უნდა მიდიოდეს თამაშები, მოსამზადებელი პერიოდი არის მოსამზადებლად. პირველი ეტაპი რაც გავიარეთ, რაც დაგეგმილი გვგქონდა ის გავაკეთედ," - ამბობს ჭიაბრიშვილი.




ტაქტიკა, ფიტნესი და შესვენების შემდეგ, შენარჩუნებული გუნდი - მთავარი ბირთვი, რომელსაც გიორგი გაბედავა და ბელარუსი დმიტრი ანტილევსკი გამოაკლდნენ. ამ უკანასკნელმა, 2023 წელი „დინამო თბილისი 2"-თან ერთად დაიწყო, თუმცა, მალევე კლუბთან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „დინამო" დატოვა. რაც შეეხება გაბედავას, მისი ახალი კლუბის ვინაობა (უფრო დიდი %-ით უცხოეთში) უახლოეს დღეებში გაირკვევა. ამასობაში კი, ჭიაბრიშვილი, მთავარ გუნდში, „დინამო თბილისის" აკადემიის კიდევ უფრო მეტ აღზრდილს აძლევს საშუალებას, რომ „აკლიმატიზაცია" გაიაროს. წინ, გრძელი სეზონია და გძელი სკამი, სტაბილურობის გარანტი.


„ეს სამი თამაში ჩვენმა გუნდმა ტაქტიკურად კარგად ითამაშა. ვფიქრობ, რომ ასეთი თამაშისთვის, ადრეც კი, იყო. უფრო მეტად დაღლილობის ფონზე იყო ეს თამაშები და ერთ-ერთი მთავარი მომენტი ის არის, რომ გუნდი შევინარჩუნეთ. ახალი ფეხბურთელები, ფაქტიურად, არ გვყავს. თუ არ ჩავთვლით, მარუშიჩს, რომელიც დაგვემატა. იგივე ვაგნერი ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა. ახალგაზრდები მეორე გუნდიდან ვინც დავიმატეთ, ხშირად ეძლეოდათ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება - ამდენად, ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული ტაქტიკური მონახაზი და ჩვენი თამაში გვაქვს, რაც მახარებს", - ამბობს ჭიაბრიშვილი.


პირველი შეკრების შეჯამებისას, „დინამო თბილისის" მთავარი მწვერთნელი იმ სისუსტეებსაც შეეხო, რომელიც მის გუნდს გამოსასწორებელი აქვს. ჭიაბრიშვილი, ამასთან განმარტავს, რომ ეს პრობლემა მოწინააღმდეგე გუნდების ჩემპიონატების დონიდან უფრო გამომდინარეობს, რომლებიც ქართულთან შედარებით უფრო რთულია. „უფრო კარგად გამოიყურებიან მოძრაობაში, ამის შესახებ ვფიქრობთ და საქართველოს პირობებზე, რამდენადაც მოვახერხებთ, ამ დეტალის დაქაჩვას შევეცდებითო". „ჭია", „დინამო თბილისის" პრეს-სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ყურადრებას, როგორც ნახეთ ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კლუბმა, ჩემპიონი გუნდის ბირთვის შენარჩუნება მოახერხა და ახლა, რიგი პოზიციების გაძლიერებაზე ფიქრობს. სხვათა შორის, ეს ისაა, რასაც წლებია, „დინამო თბილისის" გულშემატკივარი კლუბისგან ითხოვს.




„თავიდანვე ვთქვით, რა პოზიციებზე ვეძებდით ფეხბურთელებს. ძალიან დიდი სურვილი მქონდა მე პირადად, მარუშიჩის 9 ნომერზე დაბრუნება „დინამოში". ის, დაბრუნდა, ეს ტრანსფერი მოვახერხეთ და ძალიან მოხარული ვარ. იგივე ვაგნერი, რომელთანაც დიდი დრო მაქვს გატარებული და ვიცი, რა ხარისხის ფეხბურთელია, გაგავაძლიერებს. ამავდროულად, ველოდებით მარცხენა მცველის პოზიციაზე გაძლიერებას. მიდის მუშაობა. არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ვერ ჩამოვყალიბდით ვერც ერთზე. სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღია იქნება, ვეცდებით, რომ ეს პოზიცია შევავსოთ. ცენტრალური მცველის პოზიცია,  არის კანდიდატი, რომელიც მეორე შეკრებიდან შემოგვიერთდება და მასზე ოფიციალურად, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ვიტყვით", - ამბობს ჭიაბრიშვილი.


საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი, გასული სეზონის საუკეთესო მეკარესთან ლუკა კუტალაძესთან (რომელსაც თურქულ შეკრებაზე ტრავმის შემდეგ, დავით კერესელიძე და მეორე გუნდიდან, ასევე ტრავმის შემდეგ დაბრუნებული მიშო მაქაცარია შეუერთდნენ), საუკეთესო მცველთან ჯიმი ტაბიძესთან, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთან ანრი მექვაბიშვილთან, ასაკობრივი ნომინაციების ლაურეატებთან ლუკა ლაცაბიძესთან და ჯადული იობაშვილთან და გუნდში დაბრუნებულ, 2021 წლის სეზონის 4 ნომინაციის გამარჯვებულ სერბ ზორან მარუშიჩთან ერთად, ახლა სამი დღე დაისვენებს და შეკრების მეორე, ფინალური ნაწილისთვის მოემზადება.


„მეორე შეკრება იქნება უფრო რთული. დაგეგმილი გვაქვს 6 თამაში და ნებისმიერი გუნდისთვის, ამ ინტენსიობით ძალიან რთულია. რატომ ავირჩიე ეს გეგმა? პირველ რიგში, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს წამოყვანილი და მინდა, რომ მათ მიეცეთ მეტი სათამაშო დრო. მეორეს მხრივ, მინდა რომ უფრო მეტი ტაქტიკური მომენტები ჩაერთოს, რადგან თამაშში უფრო ადვილია, ამ ტაქტიკური მომენტების დალაგება, ვიდრე ნებისმიერ ვარჯიშზე", - ამბობს ჭიაბრიშვილი და მეორე შეკრების პირველი თამაშის ანონსსაც აკეთებს - „პირველი სპარინგი,  „ლუდოგორეცთან" გვექნება. ორი 60-წუთიანი თამაში.  ეს, მათი თხოვნა იყო და ჩვენც დავთანხმდით, რადგან ისინიც, „ღრმა" შემადგენლობით არიან წამოსულები. ჩვენც, რაოდენობრივად ბევრნი ვართ და ამ ორ, 60-წუთიანს გავუყოფთ მთელს გუნდს და კიდევ ერთხელ დავაკვირდებით".




ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის მეორე შეკრებას, კლუბი კვლავ ანტალიაში,  25 იანვრიდან გაივლის და როგორც უკვე გითხარით, 6 სპარინგს ჩაატარებს. აქვე, დაგეგმილი თამაშების განრიგს გაგაცნობთ, მოსამზადებელ ციკლსა და დინამოელთა მზადყოფნას კი, უკვე თბილისში, მათი დაბრუნების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად შევაჯამებთ.


28 იანვარი  / „დინამო თბილისი" - „ლუდოგორეცი" (ბილგარეთი)

1 თებერვალი  / „დინამო თბილისი" - ვილნიუსის „ჟალგირისი" (ლიეტუვა)

2 თებერვალი  / „დინამო თბილისი" - „ტობოლი" (ყაზახეთი)

5 თებერვალი / „დინამო თბილისი" - „შკუპი" (ჩრდ. მაკედონია)

8 თებერვალი / „დინამო თბილისი" -  „შახტარი" (დონეცკი, უკრაინა)

9 თებერვალი /  „დინამო თბილისი" - „რიგა" (ლატვია)




აქ, მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ საქართველოს 19-გზის და მოქმედი ჩემპიონი, თურქული შეკრების ამ მონაკვეთში, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქმედ და ვიცე-ჩემპიონებს დაუპირისპირდება. ეს, დაახლოებით გუნდების ის კონტინგენტია, რომელთა ნაწილსაც საქართველოს ჩემპიონი, დიდი ალბათობაა, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზაფხულში გადაეკვეთოს. მანამდე კი, ​თურქულ შეკრებაზე დაგეგმილი ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს „დინამო თბილისის" YouTube არხზე იხილავთ.



სტატიაში გამოყენებულია "დინამო თბილისის" ფოტოები