ლეგიონერები - ევროთასების ჯგუფური ეტაპი ცუცქირიძის სადებიუტო ლელოთი დასრულდა
ლეგიონერები - ევროთასების ჯგუფური ეტაპი ცუცქირიძის სადებიუტო ლელოთი დასრულდა
23.01.2023
ავტორი: რაგბის კავშირი

ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ჩემპიონთა თასისთვის, ექვსი კი ჩელენჯ თასისთვის განაგრძობს ბრძოლას. გასულ უქმეებზე საკლუბო ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა და გიორგი ცუცქირიძემ 'სტად ფრანსეს' კვართით პირველი ლელო გაიტანა.

ჩემპიონთა თასი


„ა" ჯგუფიდან ჩემპიონთა თასის ფლეი ოფში ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მხოლოდ ინგლისური 'გლოსთერი' გავიდა. დასკვნით ტურში ის 'ბორდოს' ეწვია და 26:17 დაამარცხა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა ცენტრმა გიორგი კვესელაძემ. მისმა გუნდმა 4-იდან ორი თამაში მოიგო, 9 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილი დაიკავა. ფლეი ოფში მისი მეტოქე „ბ" ჯგუფის გამარჯვებული 'ლა როშელი' იქნება. შეხვედრა საფრანგეთში გაიმართება.


ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის 'ლიონმა' სამხრეთ აფრიკული 'ბულსი' ბონუსით - 31:7 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. 'ლიონმა' 4 მატჩში 8 ქულა მოაგროვა, „ა" ჯგუფში მე-9 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა თასის ფლეი ოფში ვერ გავიდა, თუმცა ჩელენჯ თასზე გადაინაცვლა და იქ ფრანგულ დერბიში 'სტად ფრანსეს' სტუმრად შეხვდება.


5 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა და ბრძოლას ჩელენჯ თასზე გააგრძელებს 'რასინგ 92'. დასკვნით ტურში პარიზელები 'ლენსთერს' ირლანდიაში ეწვივნენ და 10:36 დამარცხდნენ. სტუმართა მარქაფაში იყვნენ და მეორე 40 წუთი სრულად ითამაშეს ბურჯებმა - გურამ გოგიჩაშვილმა და გია ხარაიშვილმა. ჩელენჯ თასის ფლეი ოფის შეხვედრას 'რასინგი' სამხრეთ აფრიკაში, 'ლაიონთან' გამართავს.


ჯგუფური ეტაპის 4-ივე თამაში დათმო, უქულოდ ბოლო ადგილზე დარჩა და წლევანდელ ევროთასებს დაემშვიდობა 'კასტრი'. დასკვნით ტურში ის ინგლისში 'ექსეთერს' ეწვია და 3:40 დამარცხდა. ლევან ჩილაჩავა სტუმართა ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს.


„ბ" ჯგუფში ოთხივე თამაში მოიგო და 18 ქულით პირველი ადგილი დაიკავა 'ლა როშელმა', რომელმაც ინგლისში 'ნორთჰემპტონი' 31:13 დაამარცხა და საჭირო ბონუსიც მიითვალა. განვლილ შეხვედრაში ალექსანდრე ქუნთელიას მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა 20 წლის ბურჯმა ევროთასებზე სადებიუტო შეხვედრა ერთი კვირით ადრე 'ოლსთერთან' ჩაატარა. 'ლა როშელი' ფლეი ოფში 'გლოსთერს' მიიღებს.


ქართველების გარეშე მოთამაშე 'მონპელიე' 'ლონდონ აირიშს' 21:21 დაუზავდა, 9 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა და ფლეი ოფში 'ექსეთერს' ინგლისში ეთამაშება.


ჩელენჯ თასზე გადაინაცვლებს და სტუმრად 'ბრისტოლს' შეხვდება 'კლერმონი', რომელიც სამხრეთ აფრიკაში 'შტორმერსთან' 16:30 დამარცხდა. სტუმართა შორის 51-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა.


ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მოედანზე კიდევ ერთი ქართველი ვიხილეთ. ნიკა ამაშუკელმა ინგლისური 'ჰარლიქუინსისა' და სამხრეთ აფრიკული 'შარქსის' შეხვედრა იმსაჯა, რომელიც ინგლისელებმა 39:29 მოიგო. ნიკამ ერთ-ერთ ეპიზოდში წესების ცოდნის ზედმიწევნად კარგად ცოდნა გამოავლინა, როდესაც ერთი შეხედვით თამაშგარიდან მოთამაშე ეცებეთს ეპიზოდი დაასრულებინა და მანაც ლელო გაიტანა.


ჩელენჯ თასი


ჩელენჯ თასის ფლეი ოფში ჩემპიონთა თასიდან ოთხმა გუნდმა გადაინაცვლა - ჯგუფურ ეტაპზე მე-9-მე-10 ადგილოსნებმა. მათ გარდა მომდევნო ეტაპის საგზური თითოეული ჯგუფის 6-6-მა მონაწილემ დაისაკუთრა და მათ შორის ქართველი ლეგიონერების გუნდებიც არიან.


ამ შემთხვევაში მიმოხილვა „ბ" ჯგუფით დავიწყოთ, სადაც 'სტად ფრანსე' იტალიაში 'ბენეტონთან' 32:35 კი დამარცხდა, თუმცა ბონუს (4 და მეტი ლელოს გატანისთვის) და ნუგეშის (მცირედი სხვაობით მარცხისთვის) ქულა აიღო, ჯამში 10 მოუგროვდა, კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მე-4 ადგილი დაიკავა. იტალიელთა წინააღმდეგ გიორგი ცუცქირიძემ შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე ლელოც გაიტანა, რითაც თავისიანები 25:22 დააწინაურა.


'სტად ფრანსეში' გადასული მესამეხაზელისთვის ეს პარიზულ კლუბში სადებიუტო ლელოა. მან ასევე პირველი ლელო გაიტანა ევროთასებზე. 5-მეტრიანი დერეფნისას ის 9 ნომრის პოზიციაზე იდგა, მოლში შესვლისას ბურთი მოიხელთა და ლელოში შევიდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ, ცუცქირიძე ახალ გუნდს ნელ-ნელა ეჩვევა და ჩელენჯ თასზე მესამე შეხვედრა ჩაატარა. 'სტად ფრანსეს' ძირითადში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს სერგო აბრამიშვილი.


სამხრეთ აფრიკაში 'ჩიტასთან' 6:9 დამარცხდა და მე-7 ადგილს დასჯერდა 'პო', რომლის რიგებში 53-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ. მოგება, გნებავთ ფრე 'პოს' მომდევნო ეტაპზე გაიყვანდა.


უქუოდ დარჩა 'ბაიონი', რომელმაც 'სკარლეტსი' მიიღო და 7:20 დამარცხდა. ფრანგთა შორის შესვენების შემდეგ გამოჩნდა ბადრი ციხისთავი, რომელმაც პირველი გუნდის რიგებში მეორედ ითამაშა. მას ევროთასებზე დებიუტი ერთი კვირის წინ, 'ბენეტონთან' ჰქონდა, ტოპ 14-ში კი ჯერ არ უთამაშია.


„ა" ჯგუფში 'ტულონმა' ოთხივე თამაში მოიგო და 19 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. დასკვნით ტურში ფრანგებმა 'ძებრეს' 14:5 სძლიეს. ბექა გიგაშვილი მასპინძელთა ძირითადში იყო და 71-ე წუთზე დავით მჭედლიძემ შეცვალა. 18 წლის მორაგბისთვის ეს სადებიუტო შეხვედრა იყო 'ტულონის' პირველ გუნდში. ფრანგები ფლეი ოფში სამხრით აფრიკულ 'ჩიტასს' მასპინძლობენ.


დასკვნით ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ფლეი ოფში გავიდა 'ბრივი', რომელმაც 'კარდიფს' 37:24 სძლია, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო და ჯამში 6 მოაგროვა. განვლილ შეხვედრაში ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ. 'ბრივი' ფლეი ოფში 'სკარლეტს' სტუმრად ეთამაშება.


ჯგუფური ეტაპი მოგების გარეშე დაასრულა 'პერპინიანმა'. დასკვნით ტურში ის 'ბრისტოლთან' ინგლისში 19:33 დამარცხდა. ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვლაზე 55-ე წუთიდან ითამაშა.