დღეს, იტალიაში მიმდინარე ევროპის მე-16 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობას ქართველი ტრამპლინიდან მხტომელები შეუდგნენ. ზამთრის სპორტის ამ სახეობაში, საქართველო რეალურად ხელახლა იდგამს ფეხს, შესაბამისად, ქართველი ტრამპლინიდან მხტომელებისთვის, ამ ეტაპზე საერთაშორისო სტარტებში მონაწილეობა და გამოცდილების დაგროვება უფრო მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, რომ სწორედ, ჩვენი სპორტსმენების მშობლიური ბაკურიანი, სულ რაღაც ორ წელში, ანალოგიურ თამაშებს უმასპინძლებს.
ამ ჯერზე კი, Nordic Centre-ში საკვალიფიკაციო ხტომებისას გიორგი დიაკონოვმა 60,5 მეტრი დაფარა, თუმცა, მსაჯების მიერ ნახტომის ტექნიკური შეფასებებით წინ უკრაინელი სპორტსმენი გადაუშვა. თავად კი, 28-ე სასტარტო ნომრით მოასპარეზემ საბოლოოდ, 43-ე აგილი დაიკავა 43,7 ქულით. საბოლოოდ, 44-ე ადგილზე გავიდა ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი მიქელაძე, რომელმაც ნახტომი 54.0 მეტრზე შეასრულა და 32 ქულის დაგროვება შესძლო.
კვალიფიკაცია კი, 30 მხტომელმა გაიარა და შესაბამისად, მედლებისთვის ბრძოლასაც, სპორტის ამ სახეობაში ისინი გააგრძელებენ.
შეჯიბრის სრული ტექნიკური ოქმი
ზეგ, 25 იანვარს, ქართული გუნდიდან ასპარეზობას ფიგურული მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილი დაიწყებს. ჩვენი გუნდის წარმომადგენელი ვაჟ ერთეულთა თანრიგში ასპარეზობს და პირველად მოკლე პროგრამით წარსდგება მაყურებლის წინაშე და ჩვენი აზრით, საუკეთესო ხუთეულში მოხვედრის შანსიც აქვს.
25 იანვარსვე, ნიკოლოზ გაბულდანი ამჯერად, სლოუფსტაიში სცდის ძალებს.
ამავე დღეს, საქმეში, სამთო-მოთხილამურეები ჩაებმებიან - ლევან ნაზღაიძე, ლუკა ბურდული, ოთარ წულეისკირი ვაჟთა შორის, ნინო ენუქიძე კი, გოგონათა შორის გიგანტური სლალომის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყებენ ასპარეზობას და გვინდა გვჯეროდეს, რომ საფინალო შემადგენლობაშიც მოხვდებიან.