ქართული გუნდიდან, იტალიაში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ დღეს, სნოუბორდერმა ნიკოლოზ გაბულდანმა იასპარეზა. 15 წლის ქართველმა, სნოუბორდ ფრისტაილის ბიგ ეარის შეჯიბრში, სტარტი 24 სპორტსმენს შორის მესამემ აიღო და საბოლოოდ, ჯამში 23.0 ქულით მე-19 ადგილი დაიკავა.
„სნოუბორდზე, სადღაც 5-6 წლის ასაკში დავდექი და ამის შემდეგ, გავაგრძელე და გავყევი ბოლომდე. პირველად, დამაყენა და მავარჯიშა ბიძაჩემმა, გიორგი იოსელიანმა. როდესაც კონკრეტულად ფრისტაილში დავიწყე ვარჯიში, აქ უკვე, ჩემი მწვრთნელი არის ჯაბა სხვედიანი. რაც შეეხება დღევანდელ შეჯიბრს, საკმაოდ ცუდი ამინდი იყო. თუმცა, ძალიან კარგი შეჯიბრი გამოვიდა და რაც მთავარია, მეტი გამოცდილებაც მივიღე", - ამბობს TSFF.Ge-სთან საუბარში ნიკოლოზ გაბულდანი, რომელსაც იტალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, კიდევ ერთ სახეობაში, სლოუფსტაილშიც მოუწევს ასპარეზობა.
დღევანდელი დღის შედეგები ხვალ კი, ფინალების დღეა, თუმცა, ამჯერად ჩვენს გარეშე.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ქალაქ ტრიესტეში გუშინ, საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ღონისძიებაში, რომელიც 21-28 იანვარის განმავლობაში გაიმართება სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. იტალიაში საქართველო სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) 8 სპორტსმენით არის წარმოდგენლი.
ნიკოლოზის შემდეგ, ქართველებიდან ოლიმპიურ ფესტივალში ტრაპმპლინიდან მხტომელები ჩაერთვებიან. ჩვენი გვერდი, თვალს ადევნებს იტალიაში მიმდინარე ყველა შეჯიბრს და შეეცდება, ინფორმაცია ოპერატიულად მოგაწოდოთ.
ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი - ქართული გუნდი