ქართველები ესპანეთის ჩემპიონატში
ქართველები ესპანეთის ჩემპიონატში
22.01.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის მორიგ ტურში იოლი გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფელებმა რეალ ბეტისს უმასპინძლეს და 88:64 დაამარცხეს. ქართველი ცენტრი კანარის კუნძულელთა რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო, მან 21 წუთში გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოუტანა.


გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე მეტი ხაიმე ფერნანდესმა ჩააგდო - 16 ქულა. შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) მხოლოდ მარსელინიო უერტასს (18) ჩამორჩა. ამ გამარჯვების წყალობით, ტენერიფემ თასზე განთესვა დაიბევა.


ტენერიფეს 17 თამაშიდან 13 აქვს მოგებული და მესამეა. ამდენივე გამარჯვება კიდევ სამ გუნდს აქვს (რეალი, ბარსელონა, ბასკონია), რომელთაც 22 იანვარს აქვთ ტური სათამაშო. 28 იანვარს შერმადინი გუნდი ფუენლაბრადას მადრიდში ესტუმრება.


ვიდეო - კოლაჟი მატჩიდან


რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის მურსიამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად ფუენლაბრადა 88:72 დაამარცხა. რატის არ უთამაშია, ახალგაზრდა ქართველი განაცხადში არ იყო, მაკფადენი კი მატჩის გმირი გახდა.

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში არ იყო, ის თამაშში სათადარიგთა სკამიდან ჩაერთო და საბოლოოდ 20 ქული მურსიელთაგან ბომბარდირი გახდა. თადმა 10-დან 4 სამქულიანი, 4-დან 2 ორიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მას ასევე 3 პასი და თითი მოხსნა და ჩაჭრა დაუგროვდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (18) ის გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო.


მურსიას 8 მოგება და 9 მარცხი აქვს. გუნდი ჩემპიონატში მე-12 პოზიციაზეა. მაკფადენი და კომპანია 29 იანვარს ერთ-ერთ ლიდერ ბასკონიას მასპინძლობს.


ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან