დღეს, საქართველოს საკალათბურთო თასის გათამაშების 1/8 ფინალური რაუნდის ბოლო საპასუხო თამაშები გაიმართა. განსაკუთრებით საინტერესო სამი შეხვედრა იყო, სადაც სამ შეხვედრაში პირველ რაუნდში დამარცხებულმა გუნდებმა რევანშიც აიღეს, თუმცა, „ბათუმის" გარდა, ეს დეტალი სხვა გუნდებს არ ეყოთ.
„კაკტუსი" - „ასტრალი" 79-64 / სერიის საერთო ანგარიში 156-133
"ა" ლიგის წარმომადგენელი „ასტრალი" ის ერთადერთი გუნდია, რომელმაც თასის 1/8 ფინალური სერიის პირველ მატჩებში მეტოქეს ყველაზე მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის ლიდერ „კაკტუსთან", პირველ შეხვედრაში მხოლოდ, 9 ქულა დათმო და დღეს გამართულ მეორე მატჩში, მეტის მიღწევის იმედი ჰქონდა. თუმცა, „კაკტუსმა" ამჯერად მეტად მოინდომა და დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა.
მხოლოდ თავიდან, პირველ პერიოდში ამ გუნდების დაპირისპირება თანაბარი იყო. „ასტრალი" ლიდერობდა კიდეც, თუმცა, პერიოდი 13-16 დათმო და მეორე ათწუთეულიდან ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა „კაკტუსმა" თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა. მეორე პერიოდი სუპერლიგის გუნდმა 30-13 მოიგო, 20-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და მეტოქე წელში გატეხა. საბოლოოდ, „კაკტუსმა" 15 ქულით იმარჯვა და მეოთხედფინალის საგზური გაიფორმა.
გამარჯვებულებთა შორის 17 ქულითა და 7 მოხსნით რევაზ ჩაჩანიძე იყო საუკეთესო. 18 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი სედრიკ ალეიმ მიითვალა. 10-10 ქულა ბექა ლომაშვილმა და მერაბ ბოქოლიშვილმა მოაგროვეს. „ასტრალში" 15 ქულით საუკეთესო იყო მელვინ ნიუბერნი. ჯონ კერიმ 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
„კაკტუსი" თასის 1/4 ფინალში გურჯაანის „დელტას" შეხვდება, რომელმაც 1/8 ფინალიდან „ტიტები" გამოთიშა.
„კავკასია" - „ორბი" (ტყიბული) 80-91 / სერიის საერთო ანგარიში 162-151
კომპლიმენტები „ორბს". თბილისიდან ტყიბულში გადასულმა "ა" ლიგის გუნდმა სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერს მოუგო. თანაც 11 ქულით, თუმცა, 2 ამდენი უნდოდა, სერია ოვერტაიმში რომ გადაეყვანა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა „ორბმა" პირველი მატჩი 22 ქულით წააგო და საპასუხო შეხვედრაში ფავორიტად მიჩნეულ მეტოქესთან წარმატების შანსი ჰქონდა. მესამე პერიოდში „ორბი" 12 ქულით ლიდერობდა და ისეთ იშტაზე იყო, რომ პირველ მატჩში მიღებული 22-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრაც სურდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოახერხა.
ბექა წივწივაძის გაწვრთნილი კავკასიელები საკმაოდ მოტივირებულები იყვნენ, მაგრამ ბოლომდე მებრძოლ ტყიბულელებს ვერაფერი მოუხერხეს. „კავკასიამ" დასაშვები ოდენობით წააგო. სერია კი, საერთო ანგარიშით 162-151 მოიგო. „ორბს" გამარჯვებისკენ ლეგიონერებმა - დემარკუს ეიდიმ და კვენტინ დევისმა გაუწიეს ლიდერობა. ორივემ 21-21 ქულა დააგროვა. 5 სამქულიანი და ჯამში 19 ქულა ნიკა ლოლიშვილმა მოაგროვა. „კავკასიაში" 19 ქულით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. 17 ქულა კრის მაკნილის ანგარიშზეა.
„კავკასია" 1/4 ფინალში „ოლიმპს" დაუპირისპირდება.
გურჯაანის „დელტა" - „ტიტები" 73-80 / სერიის საერთო ანგარიში 165-151
„ტიტებში" სერიოზული როტაციაა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან ლუკ მოიერი წავიდა, რომლის ადგილიც თსუ-დან წასულმა ბრაიან დოუსონმა დაიკავა. სწორედ დოუსონის წინამძღოლობით „ტიტებმა" საპასუხო მატჩი მოუგო გურჯაანის „დელტას", თუმცა, სერიის მოსაგებად 7-ქულიანი სხვაობა საკმარისი არ აღმოჩნდა.
გურჯაანელებმა პირველი მატჩი 31 ქულით მოიგეს და ფაქტობრივად, 1/4 ფინალის საგზური, განაღდებული ჰქონდათ. მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ბოლო პერიოდის წინაც ფრე იყო. დასკვნით ათწუთეულში „ტიტების" მოთამაშეებმა მეტი ბრძოლისუნარიანობა და სიზუსტე გამოავლინეს და თასის გათამაშება თავაწეულებმა, 7-ქულიანი გამარჯვებით დატოვეს. გამარჯვებულ გუნდში დიდებული მატჩი ჩაატარა ახალწვეულმა ბრაიან დოუსონმა, რომელმაც 36 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 12 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მიქაელ უგრეხელიძის ანგარიშზე დაგროვდა. გიორგი გოგუამ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. დელტაში 18 ქულით ბომბარდირი გახდა ოთარ ფხაკაძე, რომელმაც 6 პასიც მიითვალა. 16 ქულა და 9 მოხსნა ვახტანგ ქადარიას ანგარიშზეა.
მარცხის მიუხედავად, გურჯაანელებმა სერია 2 მატჩის ჯამში 14 ქულით მოიგეს და 1/4 ფინალში „კაკტუსს" შეხვდებიან.
„ბათუმი" - „მეგა" 91-82 / სერიის საერთო ანგარიში 186-185
ასეთი რამ ათასში ერთხელ ხდება. ორი მატჩის ჯამში „ბათუმმა" და „მეგამ" ფრე ითამაშეს. დებულების თანახმად, მიუხედავად 8-ქულიანი სხვაობისა, მატჩი ოვერტაიმში გაგრძელდა, სადაც მასპინძელმა „ბათუმმა" 1 ქულით იმარჯვა და საბოლოოდ, 91-82 მოგების შემდეგ, ორი მატჩის ჯამში 1-ქულიანი უპირატესობით 186-185 გაიმარჯვა.
ბათუმელებმა მოახერხეს თბილისში, „მეგასთან" წაგებული 8 ქულის გაბათილება და სერიაში გამარჯვება, დამატებით დროში შეძლეს. ზღვისპირელებს შორის საუკეთესო კაილი რიდლი იყო, რომელმაც 25 ქულა, 8 პასი, 4 ჩაჭრადა 2 დაფარება მიითვალა. 21 ქულა და 7 მოხსნა ჯორდან სეშენსმა მიითვალა. 15 ქულ გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზეა. „მეგაში", 24 ქულითა და 8 პასით რონი რუსომ იყო. 20 ქულა და 9 მოხსნა მარქუს გილსონმა მიითვალა.
„ბათუმი" 1/4 ფინალში „ქუთაისს" შეუწყვილდა.
1/4 ფინალური სერიებიც ორმატჩიანი იქნება, რის შემდეგაც 4 საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალს ითამაშებს, სადაც 1/2 ფინალები და ფინალი ერთმატჩიანი დაპირისპირებებით ჩატარდება.