ხვალ, 20 იანვარს საქართველოს დელეგაცია იტალიაში, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. ევროპის ზამთრის რიგით XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც 21-28 იანვარს ჩატარდება, ჩვენი გუნდი 8 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი და საერთო ჯამში, სპორტის 4 სახეობაში მიიღებს მონაწილეობას.
სამთო მოთხილამურეები ლევან ნაზღაიძე, ლუკა ბურდული, ოთარ წულეისკირი და ნინო ენუქიძე ძალებს ძანკოლანიში გიგანტურ სლალომში (GS) და სლალომში (S) სცდიან. ამ სახეობაში პირველი სტარტი ჩვენს ბიჭებს 25 იანვარს, ნინოს კი, 26-ში მიეცემა. მომდევნო შეჯიბრი 27 და 28 იანვარს არის დაგეგმილი. სნოუბორდერი ნიკოლოზ გაბულდანი ძანკოლანიშივე, შეეცდება სნოუბორდ ფრისტაილის ორ სახეობაში წარმატებით იასპარეზოს. ქართველებიდან ოლიმპიურ ფესტივალში პირველი, სწორედ, გაბულდანი ჩაერთვება.
გიორგი მიქელაძე და გიორგი დიაკონოვი ტარვიზიოში 23 იანვრიდან ტრამპლინიდან ხტომაში დაიწყებენ ასპარეზობას. პონტებბაში, 24 იანვრიდან ქართველი ფიგურული მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილი დაიწყებს გამოსვლას. ქართული გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ბიჭებში, ერთეულთა თანრიგში ასპარეზობს. ქართველს, 2022 წელს, რამდენიმე "ძლიერი" საერთაშორისო სტარტი ჰქონდა, მათ შორის უფროსებში და ამოცანას, არც თუ ურიგოდ გაართვა თავი.
საერთო ჯამში, ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ იტალიაში 21-28 იანვარს ჩატარდება მედლების კომპლექტებს სპორტის 13 სახეობაში გაათამაშებენ. თამაშებში კი, 47 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
თამაშების ვარჯიშებისა და ასპარეზობების კალენდარი
ოფიციალურად თამაშები 21 იანვარს გაიხსნება, რომლის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები სამთო მოთხილამურეები ნინო ენუქიძე და ოთარ წულეისკირი იქნებიან.
იტალიაში გამგზავრებამდე, ქართულ გუნდს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში უმასპინძლეს და მომავალ სტარტებზე წარმატება უსურვეს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძრვანელებს, იტალიაში 21 კაცის შემადგენლობით გაემგზავრება. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი კი, სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია იქნება.
სეოკ-ის ფოტო