2023 წლიდან საქართველოს სუპერ თასი ახალი ფორმატით ჩატარდება და ქვეყნის საფეხბურთო პირველობაც ამ გათამაშებით აღარ დაიწყება. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რომელ თარიღებში და სად ჩატარდება ახლი ფორმატით საქართველოს სუპერ თასის გათამაშება, თუმცა, უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ქართული საფეხბურთო ტროფეებიდან ერთ-ერთი 2023 წელს სახეცვლილი იქნება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს სუპერ თასის გათამაშებაში, ამ წლიდან ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი", დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო" და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები - შესაბამისად, ბათუმის „დინამო" და გორის „დილა". ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს შევახსენებთ, რომ სწორედ, ამ ოთხ გუნდს მოუწევს, მიმდინარე წელს უეფა-ს ევროტურნირებზე თამაში. შესაბამისად, ფედერაციაში თვლიან, რომ ახალი ფორმატით ჩატარებული სუპერ თასი, გუნდებისთვის კარგი მოსამზადებელი სპარინგი იქნება.
„წელს სუპერთასის ფორმატი განსხვავებული იქნება. ოთხივე გუნდი, რომელიც ამ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, ევროტურნირებზე იასპარეზებს და მათთვის ძალიან კარგი იქნება ამ შეხვედრების ჩატარება ევროტურნირების დაწყებამდე", - ამბობს ლევან კობიაშვილი.
სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით ახალი ფორმატის თანახმად, 1/2 ფინალში „დინამო თბილისი" - გორის „დილას", ქუთაისის „ტორპედო" კი, ბათუმის „დინამოს" დაუპირისპირდება. თამაშები ერთ-რაუნდიანი იქნება და მათში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში, დამარცხებულები კი, მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 2023 წლის სუპერ თასი ზაფხულში, ევროტურნირების მზადების ფარგლებში საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების დაწყებამდე გაიმართება.