საქართველოს ტყვიით მსროლეელებმა დიდ პრიზზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
საქართველოს ტყვიით მსროლეელებმა დიდ პრიზზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
16.01.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ტყვიით მსროლელთა ნაკრებმა რუსეს (სლოვენია) დიდი პრიზის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა: გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა შერეულმა წყვილმა, ვერცხლის ჯილდო ერგო ქალთა ნაკრებს.

ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე მარიამ ფროდიაშვილისა და ცოტნე მაჭავარიანის დუეტმა 575 ქულით საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო, წყვილთა ფინალში კი 16:14 დაამარცხა სომხური წყვილი და ჩემპიონი გახდა (საკვალიფიკაციოში ლიზი კილაძე და აკაკი მოსულიშვილის წყვილიც გამოდიოდა. მათ  566 ქულით მეათე შედეგი აჩვენეს  და ფლეი ოფს მიღმა აღმოჩნდნენ).


ღირსეულად გამოვიდა საქართველოს ქალთა ნაკრებიც - ნინო სალუქვაძემ, მარიამ ფროდიაშვილმა და ლიზი კილაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ჩვენი სამეული ფინალში პოლონეთთან 6:16 დამარცხდა.


ახლოს იყო წარმატებასთან ვაჟთა ნაკრებიც (ლევან ქადაგიძე, აკაკი მოსულიშვილი და ცოტნე მაჭავარიანი), მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში შვეიცარიასთან 10-16 დამარცხდა და ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა.