სერია A-ში ქართველების გუნდებმა მოიგეს
სერია A-ში ქართველების გუნდებმა მოიგეს
16.01.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია A-ში ბოლო ორმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. ვირტუსმა ბოლონიაში "ვენეცია" ისტუმრა და მძიმე ბრძლაში, ბოლო წამებზე, მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 79:78. ამ გამარჯვებაში შენგელიამ სოლიდური წილი დაიდო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიაზე მეტი, 17 ქულა მხოლოდ დანიელ ჰაკეტიმ ჩააგდო.


ვირტუს ბოლონიამ 15 ტურში 12 მოგება მოაგროვა და სერია A-ს უმთავრეს კონკურენტ ოლიმპია მილანოსთან ერთად ლიდერობს. შენგელიას კლუბი მომდევნო მატჩს 22 იანვარს სტუმრად, ბრინდიზისთან გამართავს.


***

16-გუნდიან იტალიის სერია A-ში მე-15 ტური ჩატარდა, ანუ პირველი წრე დასრულდა. ბექა ბურჯანაძის "რეჯიო ემილიას" რაც გასულ მატჩებში წაგებები ჰქონდა, მთელი ჯავრი "ტრენტოზე", გასვლით მატჩში იყარა. ქართველმა ფორვარდმაც დიდებულად ითამაშა და ემილიელებმა მეტოქე 84:68 დაამარცხეს.


ბურჯანაძემ მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბექას რეჯინაში მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა აჯობა. ლიეტუველმა ოსვალდას ოსილევიჩიუსმა 24 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.


რეჯინამ სეზონში მეოთხე მატჩი მოიგო და პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა. ბექას გუნდი ამჟამად ბოლო ადგილზეა და მეორე წრეს ჩემპიონატის ლიდერ მილანოსთან მატჩით გახსნის.