მამუ შტატებში, შერმო ესპანეთში
მამუ შტატებში, შერმო ესპანეთში
15.01.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ლიდერის, იანის ადეტოკუმბოს გარეშე მოთამაშე მილუოკიმ სტუმრად მაიამისთან 95:111 დათმო. ამ შეხვედრის გმირი კაილ ლოურის ნაცვლად სასტარტოში მოთამაშე ნიგერიელი მცველი გეიბ ვინსენტი იყო, რომელმაც ბაქსს 27 ქულა ჩაუგდო. ეს მაიამის მეორე გამარჯვება იყო მილუოკიზე ბოლო სამი დღის განმავლობაში. 

ისევე, როგორც წინა მატჩში სანდრო მამუკელაშვილს ამჯერადაც მცირე სათამაშო დრო მიეცა - 7:11 წუთი. ქართველმა ფორვარდმა გუნდს 5 ქულა მოუტანა. 2:02 წუთით ადრე სანდრომ სამქულიანი ჩააგდო (107:91), ბოლოს კი უკანასკნელ წამზე ფარქვეშიდან დაასრულა ბაქსის შეტევა. მამუკელაშვილმა 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო, სხვა პოზიტიური სტატისტიკა მას არ ჰქონია (2 პერსონალური). ბაქსს 27 მოგება და 16 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 - მე-4 ადგილზეა კავალიერსთან ერთად.


ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ლენოვო ტენერიფემ სტუმრად სარაგოსა 87:83 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშის (MVP) პრიზი კი ისევ გიორგი შერმადინმა მოიგო. კუნძულელთა ქართველმა ლეგიონერმა სარგებლიანობის უმაღლესი კოეფიციენტი დააგროვა და როგორც გამარჯვებული გუნდის ლიდერი, ოფიციალური ტიტულიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს ტენერიფეს მე-300 გამარჯვებაა ესპანეთის ჩემპიონატში მთლიანობაში ჩატარებულ 637 მატჩს შორის.


შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:45 წუთი გაატარა, რა დროშიც 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ 21 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, რაც MVP-ს ტიტულის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31-ს უწია, რაც არათუ ამ მატჩში, ტურის სხვა შეხვედრებშიც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.


ტენერიფემ სეზონში მე-12 მატჩი მოიგო და დროებით მე-3 ადგილზე გადავიდა. თუ ბასკონია ბადალონას ვერ მოუგებს, ტენერიფე მესამე ადგილს შეინარჩუნებს. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში აუტსაიდერთა ზონაში მყოფ ბეტისს უმასპინძლებს.


აღსანიშნავია, რომ შერმადინს შანსი აქვს, მე-16 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, თუკი ტურის დარჩენილ 5 მატჩში მასზე უკეთეს შედეგს (31 სარგებლიანობის კოეფიციენტი) არავინ დააფიქსირებს. თუ ასე მოხდა, შერმადინი ისტორიაში მე-18-ედ გახდება ტურის საუკეთესო, რითაც ფლიპე რეიეს და ბერნარდ ჰოპკინსს გადაასწრებს და 1-ით მიუახლოვდება ამ საპატიო კატეგორიის ისტორიულ ლიდერებს - ლეგენდარულ არვიდას საბონისს და ლუ როუს. თითოეულს ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი 19-ჯერ აქვს მოგებული.


ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან