მაქსიმე ქვილითაიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და აქტიური ფეხბურთიდან სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა. სულ ბოლოს, წყალტუბოს „სამგურალის" მეკარემ, ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა და აქედან, ერთში კარი მშრალად შეინახა. რამდენიმე ხნის წინ, წყალტუბოლეთა კლუბმა, „სამგურალში" მიმდინარე ცვლილებების შესახებ დაანონსა და წასულ ფეხბურთელებზეც გაავრცელა ცნობა. სეზონის ბოლოს გუნდიდან წასულებს შორის მაქისმე ქვილითაიაც იყო.
„ვთვლი, რომ სკამზე ყოფნა ცოტა დიდხანს მომიწია. ისედაც ვფიქრობდი 2 წელში კარიერის დასრულებას და ბოლოსკენ, თამაში მინდოდა. ამას გარდა, რაღაც დაუფასებლობასავით იყო. ბუნებრივია, როცა აქტიური ფეხბურთიდან მიდიხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად და რა გარემოში დაიწყებ ახალ ეტაპს", - ამბობს მაქსიმე ქვილითაია TSFF.Ge-სთან საუბარში.
გამოცდილმა მეკარემ, რომლის სახელიც ძირითადად ალბათ მაინც საჩხერის „ჩიხურასთან" და იმ კლუბის წარმატებებთან ასოცირდება, „სამგურალამდე", 2017-2019 წლები ქუთაისის „ტორპედოში" გაატარა. სწორედ, „ტორპედოს" თავკაცისგან, კახა ჩხეტიანისგან მიიღო მაქსიმემ შემოთავაზება, დარჩენილიყო ფეხბურთში და თავი ახალ ამპლუაში ეცადა.
„მაქვს ძველი, მეკარეების „ბ" ლიცენზია. ახლა, ამავე ლიცენიის ე.წ. „რეფრეშს" გავაკეთებ და „ტორპედოში" ახლა ამპლუაში, მეკარეების მწვრთნელად ვცდი თავს", - ამბობს ქვილითაია.
ქვილითაიამ, ქუთაისის „ტორპედოსთან" კონტრაქტი უკვე ოფიციალურად გააფორმა და ახალი საფეხბურთო სეზონისთვის, ახალ ამპლუაში, თბილისში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საფეხბურთო ცენტრში, გუნდთან ერთად ემზადება. თბილისიდან გუნდი რამდენიმე დღეში თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც მინიმუმ 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. „ტორპედიში", უკვე მაქსიმე ქვილითაიას მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობს გუნდის მეკარე როინ კვასხვაძეც, რომლის ქუთაისური კლუბიდან წასვლის შესახებ, ერთ-ერთმა ვებ-გვერდმა მცდარი ინფორმაცია გამოაქვეყნა.