დინამო თბილისი დღეს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და ლარაში სასტუმრო Royal Seginus-ში დაბინავდა. გუნდი დაისვენებს, საღამოს მსუბუქად ივარჯიშებს, ხვალიდან კი აქტიურად განაგრძობს ახალი სეზონისთვის მზადებას.
შეგახსენებთ, რომ დინამოელები შეკრებას ბელეკში ორ ეტაპად გაივლიან და ამხანაგურ მატჩებს გამართავენ. მზადების პირველ ნაწილში, რომელიც 11-დან 22 იანვრის ჩათვლით გაიმართება, თბილისელები 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
15 იანვარს დინამო უკრაინული პრემიერ ლიგის დნიპრო 1-ს შეხვდება, 18 იანვარს სპარინგ პარტნიორობას ბულგარული პლოვდივის ლოკომოტივი გაგვიწევს, ხოლო 22 იანვარს სერბეთის ჩემპიონ - ცრვენა ზვეზდას დავუპირისპირდებით.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მზადების მეორე ნაწილს 26 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით გააგრძელებს, ამხანაგურ მატჩებში მეტოქეთა ვინაობას კი ახლო მომავალში გამცნობთ.
თურქულ შეკრებაზე გიორგი ჭიაბრიშვილმა 26 ფეხბურთელი წაიყვანა:
მეკარეები: დათო კერესელიძე, ლუკა კუტალაძე და მიხეილ მაქაცარია.
მცველები: ჯიმი ტაბიძე, საბა ხვადაგიანი, ნიკა მალი, ალექსანდრე კალანდაძე, ლუკა ლაცაბიძე, ნიკა უგრეხელიძე, დავით კობოური და გიორგი მაისურაძე.
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე კირკიტაძე, უსმანე კამარა, ბარნს ოსეი, იმრან ულად ომარი, ლუკა პარკაძე, ვაგნერ გონსალვეში და ლაშა ოდიშარია.
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ზორან მარუშიჩი და ჯადული იობაშვილი