2023 წლის სეზონის ეროვნული ლიგის პირველი და სავარაუდოდ მეორე წრის თამაშების დიდ ნაწილს, საქართველოს მოქმედი და 19-გზის ჩემპიონი „დინამო თბილისი" გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე ითამაშებს. როგორც ჩვენი გვერდი იტყობინებოდა, „დინამო არენაზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. ქვეყნის მთავარი სატდიონი ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩების სამასპინძლოდ ემზადება. სწორედ, „დინამო არენაზე" დაელოდება რამაზ სვანაძის ნაკრები სავსე ტრიბუნებს, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და მის შემადგენლობაში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილის, გიორგი წიტაიშვილის, ანრი მექვაბიშვილის, ჟორჟი მიქაუტაძისა და კიდევ ბევრი საინტერესო ქართველი ფეხბურთელის საქომაგოდ მოვა. მთავარია, იმ მომენტისთვის ჩვენი ბიჭები ჯანმრთელად და მაქსიმალურ ფორმაში იყვნენ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის იმავე პერიოდში საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც უწევს თამაში, რთული სათქმეილია, ჩვენს მიერ ნახსენები ყველა ფეხბურთელი იქნება თუ არა 21-წლამდების განაცხადში.
აი სტადიონი კი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისვის 100%-ით მზად უნდა იყოს. რეაბილიტირებულ „დინამო არენაზე", სატესტო თამაში, 2023 წლის მაისის ბოლოს ჩატარდება. როგორც „დინამო არენას" დირექციაში განგვიცხადეს, ამ მომენტისთვის სრულად იქნება რეაბილიტირებული მინდვრის საფარი. ამჟამად, სტადიონზე სპეციალური ტექნიკით მინდვრის პერიმეტრის გათხრითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შემდეგ, იგეგმება ახალი სადრენაჟო და სარწყავი სისტემების მონტაჟი, სრულად შეიცვლება მინდვრის საფარიც, რომელიც პირველად, „დინამო არენაზე" (აქამდე მინდორი სრულად ბუნებრივი საფარის იყო) ჰიბრიდული იქნება. ეს თამაშების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, ნებისმიერი კლიმატურ გარემოში.
სტადიონზე სრულად შეიცვლება განათების სისტემა. ჩვენი ინფორმაციით და დიდი ალბათობით, „დინამო არენაზე" თანამედროვე ფილიპლსის ლედ-განათება დამონტაჟდება, რომელიც აქამდე არსებულს ბევრად აღემატება.
რეაბილიტირებულ სტადიონზე შეიცვლება სახანძრო უსაფრთხოების, ტურნიკეტების გამტარიანობისა და ხმის სისტემები.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს, „დინამო არენას" რეაბილიტაცია უეფა-ს 2015 წლის სუპერ თასის (სტატია 1, სტატია 2)მატჩისთვის ჩაუტარდა. თუმცა, მაშინ, ქვეყნის მთავარ სტადიონზე არ შეცვლილა მინდვრის საფარი.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით, 2022 წლის 26 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართა. მთავრობის გადაწყვეტილებით, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის" ფარგლებში, თბილისში („დინამო არენა", მიხეილ მესხის სტადიონის ორი მოედანი), საგურამოში, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია უტარდება. არსებული ინფრასტრუქტურის გარდა, ჩემპიონატისთვის, საერთო ჯამში 12 ობიექტი მოეწყობა. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს. სამუშაოების ხასიათიდან გამომდინარე რეკონსტრუქციაში შესაბამისი პროფილის კონტრაქტორი, მათ შორის უცხოური ორგანიზაციები არიან ჩართული. სტადიონების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები UEFA-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობს.