ქართული ლეგიონიდან გუშინ შერმოს
ქართული ლეგიონიდან გუშინ შერმოს
09.01.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გიორგი შერმადინმა MVP-ის ტიტულის გემო გაიხსენა. მისმა ტენერიფემ მისივე ყოფილი გუნდი "უნიკახა" ისტუმრა და ქართველი ცენტრის წინამძღოლობით დაძაბულ ბრძოლაში - 91:84 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა და ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.


შერმადინმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო მოედანზე გატარებულ არასრულ 30 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 10-დან 8 ორქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 8-ჯერ დაირღვა.


მთლიანობაში,  შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 36 შეადგინა და აღნიშნული მატჩის საუკეთესო შედეგი ხომ დააფიქსირა, მას ასევე კარგი შანსი აქვს, ტურის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულიც მოიპოვოს.


ლენოვო ტენერიფემ 11 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, ამასთან, რეალს, ბარსელონასა და ბასკონიას მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩება. ამ გამარჯვებით ლენოვომ ესპანეთის სამეფო თასზე ასპარეზობა გაინაღდა. ეს ნიშნავს, რომ თასამდე დარჩენილ დროში  (თებერვლის შუა რიცხვები) ტენერიფე არასგზით არ ჩამოსცდება მე-8 ადგილს.


ტენერიფელებმა ესპანეთის სამეფო თასის საგზური გაინაღდეს, მომდევნო მატჩს კი, 14 იანვარს სტუმრად, შერმადინის კიდევ ერთ ყოფილ კლუბ სარაგოსასთან ჩაატარებენ.


ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან


 

 


ბექა ბურჯანაძის რეჯიო ემილიამ გასული წელი გამარჯვებით კი დახურა, თუმცა წარმატება ახალ წელში ვეღარ გააგრძელა და იტალიის ჩემპიონატის მორიგ, მე-14 ტურში მორიგი მარცხი განიცადა. რეჯიო ემილია სასარის შეხვდა და 74:99 წააგო.

სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდს ამჯერადაც სოლიდური სათამაშო დრო მიეცა. ის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე  26 წუთი გაატარა, რაც მასპინძელთა რიგებში მე-3 მაჩვენებელი გახლდათ.


ბურჯანაძის მონაგარი 7 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი იყო. ბექამ 3-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.


რეჯო ემილია მომდევნო მატჩს 15 იანვარს სტუმრად ტრენტოსთან ჩაატარებს.



დუდა სანაძის ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატში აელ-ს ესტუმრა და 12 ქულით დამარცხდა - 76:88. ამაზე ცუდი ისაა, რომ ქართველმა ფორვარდმა ამ მატჩში ტრავმა მიიღო და უშეეგო მცდელობის შემდეგ თამაში აღარ გააგრძელა. 

სანაძემ თამაში მშვენივრად დაიწყო და საწყის 4 წუთში 7 ქულა დააგროვა, თუმცა შემდეგ თავისიანმა შემთხვევით ფეხი ფეხზე უხერხულად დაადგა და დუდა მოედნიდან გავიდა.


"სამწუხაროდ, უწყინარ სიტუაციაში ვიტკინე ფეხი და მოედნიდან გავედი. იმდენად მაგრად არ მტკიოდა და რადგან მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ჩვენი გუნდის მცირე დახმარებაც შესაძლოა გამარჯვების მიზეზი გამხდარიყო, მეორე ტაიმში მოედანზე შევედი. სამწუხაროდ, თამაშს ვერ ავყევი. ფეხმა არ გამიშვა და იძულებული გავხდა, მოედანი ისევ დამეტოვებინა" - აღნიშნა სანაძემ.


მთლიანობაში დუდამ მოედანზე გატარებულ 22:52 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.


დუდამ 7-დან 2 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. სანაძემ ბურთი 5-ჯერ დაკარგვა და 1-ჯერ დაჯარიმდა.


ანორთოსისს 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. ფამაგუსტელები მომდევნო მატჩს 14 იანვარს შინ აპოპ პაფუსთან ჩაატარებენ.