მცირე ყურადღება უდიდესი სტიმულია!
მცირე ყურადღება უდიდესი სტიმულია!
09.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საუბარი დათომ დაიწყო: „სადაური სხირტლაძე ხარ?" - ჰკითხა ნათიას და მერე დაამატა, ასეთ დროს, პირველი ამის გარკვევას იწყებენო. აღმოჩნდა, რომ დათოც და ნათიაც წარმოშობით რაჭიდან არიან და შესაძლოა ამიტომაც, მათი შეხვედრა, რომელიც TSFF.Ge-ს 2022 წლის საფეხბურთო სეზონის ბოლოს ჰქონდა ჩაფიქრებული, რაჭულად გვიან, დღეს 2023 წლის 9 იანვარს შედგა, „დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე, „იქ, სადაც ცხოვრობს დინამო".


ნათია, „დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე პირველად იყო, ამიტომ აინტერესებდა ყველაფერი - რომელია მთავარი სავარჯიშო მოედანი, სად ცხოვრობენ ფეხბურთელები, ის ადგილი რა იყო, სადაც შეხვედრის შემდეგ დათო გაემართა...


ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციის მხრივ, ზოგადსაფეხბურთო საგანმანათლებლო აქტივობებში კაცი ფეხბურთელების ნებისმიერი სახით ჩართვა, ალბათ, ერთ-ერთი კარგი მაგალითი და სტიმულია სფეროს განსავითარებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენმა გვერდმა გადაწყვიტა ქალი და მამაკაცი ფეხბურთელების დამეგობრება. მაგალითად წლების წინ, ჩვენმა გვერდმა ბიჭებს ხმა მიაწვდინა, რომ გოგონებს სათამაშო ეკიპირების, კერძოდ ბუცების პრობლემა ჰქონდათ. ბიჭებმაც არ დაიზარეს და ქალ კოლეგებს, ბუცები აჩუქეს. გიორგი ლორიამ მეკარის ხელთათმანიც გამოუგზავნა, იმდროინდელ კოლეგას, ქალთა ეროვნულში, თამარ ნადირაშვილს. სხვათა შორის, კიდევ ერთი ხელთათმანი, მხოლოდ ამჯერად გიორგი მამარდაშვილის მიერ გამოგზავნილი, მალე თავის ახლა მფლობეს, რა თქმა უნდა, კვლავ გოგონა ფეხბურთელს იპოვის. თითქოს, ყოფითი წვრილმანია ხომ? თუმცა, ეს ყურადღება, ამ გოგონებს მართლა მატებს სტიმულს.




მიუხედავა იმისა, რომ ნათია ბოლო წელს, ეროვნულ (ქალთა ეროვნული მაქვს მხედველობაში) არ გამოუძახიათ, თუმცა, ისევე როგორც დათო ვაჟთაში, ორივე სხირტლაძეს, ნათიასაც და დათოსაც საკმაოდ სოლიდური სანაკრებო კარიერა აქვთ ზურგს უკან და იმედს ვიტოვებთ, რომ ორივე სანაკრებო მაისურს ისევ მოირგებს. დღეს კი, სხირტლაძეებმა საჩემპიონო ფორმები გაცვალეს - დათომ 2022 წლის „დინამოს" საჩემპიონო მაისური, ნათიას 2020 წლის „ნიკეს" საჩემპიონო მაისურში.


ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ მამაკათა ფეხბურთისგან განსხვავებით, ქალთა ფეხბურთში ბევრი „თემა" ყოველდღიურ რეჟიმში ლაგდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქალთა ფეხბურთი ახლა გადის იმ პერიოდს, რომელიც მამაკაცებმა, მე-20 საუკუნის მიჯნაზე და 21-ეს საწყის ორ წელს გაიარეს. შესაბამისად, ისევე, როგორც მაშინ სეზონებს შორის ბიჭებმა, ახლა გოგონებმა არ იციან, ახალ სეზონს რომელ გუნდში დაიწყებენ. ნათიამ, რომელმაც 2022 წლის სეზონი „სოხუმის დინამოს" შემადგენლობაში ჩაატარა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ამ ეტაპზე უგუნდოდ არის და ელის შემოთავაზებას. მანამდე კი, ფორმის შესანარჩუნებლად, ინდივიდუალურად ვარჯიშობს. უნდა, რომ 2023 წლის სეზონზე საკლუბო დონეზე თავიც წარმოაჩინოს და ქალთა ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელს (ეროვნული ნაკრები ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის გარეშეა - სარედაქციო), რომელსაც იმედოვნებს, რომ უცხოელი და თანაც ქალი იქნება, თავი დაანახოს.




და ახლა, რომ ისევ დღევანდელი სტატიის თემას დავუბრუნდეთ. გვარისა და ფეხბურთის გარდა კიდევ რა საერთო აქვს ამ ორ ადამიანს? ორივეს გააქვს გოლები. თუმცა, დათოსგან განსხვავებით, რომლისთვისაც გოლის გატანა უბრალოდ სავალდებულოა ამპლუადან გამომდინარე, ნათიას, რომელიც კლუბშიც და ნაკრებშიც ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს, მოწინააღმდეგის კარში უფრო ცოტა გოლი აქვს გატანილი, ვიდრე საკუთარში. თემაზე ხშირად ვეხუმრებით ხოლმე და უკვე თავადაც ყვება: „ერთი იოჟიკას, ისეთი გავუტანე, საუკეთესო გოლებში რატომ არ მოხვდა მიკვირსო". ჩვენ კი, იმ ისტორიას ვახსენებთ ხოლმე, როცა ჩეხეთში გასვლაზე უმაგრესი გოლი გაიტანა, ჩეხეთის კარში, მხოლოდ დედამისი ძლივს დავაჯერეთ, რომ კვლავ ავტოგოლთან არ გვგქონდა საქმე.