ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის, რიგით მე-19 მემორიალის ნახევარფინალური თამაშები გაიმართება და თსუ - „მეგას", „რუსთავი" კი „ვერას" დაუპირისპირდება.
ჯგუფური ეტაპის პირველი ორი საასპარეზო დღის შემდეგ, „მეგა" იყო პირველი გუნდი, რომელმაც 1/2 ფინალში თამაშის უფლება ყველაზე ადრე გაინაღდა. ამ ჯგუფიდან მეორე საგზურისთვის, „კაკტუსი", „რუსთავს" უპირისპირდებოდა. შესაბამისად, სწორედ, ამ გუნდებს შორის გამარჯვებული გახდებოდა, საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალის მეორე ნახევარფინალისტი. თუმცა, „რუსთავი" იმ შემთხვევაში, თუ 16-ზე მეტი ქულით არ წააგებდა, მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდოდა. საინტერესოა, რომ მატჩის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე „კაკტუსი" თამაშს 18 ქულით (70-52) იგებდა. თუმცა, ანატოლი ბოისას გუნდმა მოახერხა და მეოთხე პერიოდის დასასრულისთვის სხვაობა ქულების ისეთ რაოდენობამდე შეამცირა, რამაც მათ 1/2 ფინალის საგზური მოუტანა. „რუსთავმა" 10 ქულით, 71-81 წააგო და გარდა იმისა, რომ გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, ურთიერთშეხვედრების ხარჯზე, „რუსთავმა" ჯგუფში პირველი ადგილიც კი, დაიკავა. შესაბამისად მისი მეტოქე, მეორე ჯგუფის მეორეადგილოსანი „ვერა" აღმოჩდნა.
რაც შეეხება „ვერას", გუნდმა ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ტურნირის პირველ ორ დღეს გამართა, შესაბამისად, მესამე ტურსი ის, ჯგუფის ბოლო შეხვედრის დასრულებას ელოდა. აქ, თსუ - „ორბს" დაუპირისპირდა. ამ წყვილთან დაკავშირებული მოლოდინები გამართლდა და თსუ-მ, რომელიც წყვილში ფავორიტად ითვლებოდა და იმარჯვა კიდეც, 82-71. შესაბამისად, უნივერსიტეტელებმა ორი მოგებით, ჯგუფში ქულების მაქსიმუმი დააგროვეს და ნახევარფინალში ისე გავიდნენ. ხვალ, დაპირისპირების ამ ეტაპზე მათი მეტოქე „მეგა" იქნება.
ნახევარფინალური მატჩები 8 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 14:00 საათზე „რუსთავი" - „ვერას" შეხვდება, ხოლო 16:00 საათზე თსუ-სა და „მეგას" შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტო