საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სალონიკში მეორე ამხანაგური შეხვედრაც წააგო. ამჯერად, ჩვენები საბერძნეთთან 26-24 დამარცხდნენ.
ტიტე კალანდაძის გუნდმა შეხვედრა თანაბრად ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნები თითქმის მთელი შეხვედრა ანგარიშში წინ იყვნენ, საქართველოს ნაკრები ახერხებდა გათანაბრებას და პირველი ტაიმიც ფრედ 13-13 დაასრულა. მეორე ტაიმში კი, უკვე ქართველთა გუნდმა მოახერხა რამდენჯერმე ანგარიშში წინ გასვლა, თუმცა, გამოცდილმა მეტოქემ, მაინც მოახერხა თამაშის გარდატეხვა და მოგება.
საქართველოს ნაკრებიდან დღეს გოლები გიორგი ცხოვრებაძემ (6 გოლი), ნიკოლოზ კალანდაძემ (7 გოლი) და გიორგი დიხამინჯიამ (7 გოლი) გაიტანეს. კარგი მატჩი ჰქონდათ გიორგი ლაპიაშვილს, თემო ორჯონიკიძესა და ზურაბ სიმონიას. ალბათ, ცალკე აღნიშვნის ღირსია მეკარეების, ზურაბ ცინცაძისა (1 გოლი) და დავით ნიქაბაძის კარგი თამაში, რომელებმაც შვიდმეტრიანებთან ერთად რამოდენიმე კარგი დარტყმაც მოიგერიეს. ქართველთა გუნდიდან თითო გოლი გაიტანეს ხაზეინ რუსტამოვმა, ბექარ ორჯონიკიძემ და ირაკლი კბილაშვილმა.
აღნიშნული სპარინგების შემდეგაც, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის მზადებას აქტიურად გააგრძელებს. 2023 წლის მარტსა და აპრილში კი, VI ჯგუფში დაგეგმილ 4 შეხვედრებს გამართავს. ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს ნაკრები უნგრეთის, შვეიცარიისა და ლიეტუვას ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.
8 მარტი - საქართველო-ლიეტუვა
12 მარტი - ლიეტუვა-საქართველო
26 აპრილი - საქართველო-შვეიცარია
30 აპრილი - უნგრეთი-საქართველო
ამ თამაშებამდე საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრის გამართვა მოასწრო, 2022 წლის 22 ოქტომბერს გასვლაზე, შვეიცარიასთან 24-23 დამარცხდა, 16 ოქტომბერს სახლში მიიღო უნგრეთის ნაკრები და დიდი ანგარიშით 24-41 დამარცხდა. დარჩენილ მატჩებამდე, ჩვენი ნაკრები 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ჯგუფს კი, 4-4 ქულით უნგრეთისა და შვეიცარიის ნაკრებები ლიდერობენ.
შეგახსენებთ, რომ „ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 32 გუნდი 8 ჯგუფშია გადანაწილებული. ფინალურ ეტაპზე პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გავლენ, კიდევ ერთ საგზურს კი, საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი მოიპოვებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე უკეთესი კოეფიციენტის გამო საქართველოს ნაკრები მას შემდეგ მოხვდა, რაც, აღნიშნულ ტურნირზე უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებს ასპარეზობა აეკრძალათ. ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.