„მეგა", ტრადიციული, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას რიგით მე-18 მემორიალის პირველი ნახევარფინალისტია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტურში „რუსთავთან" განცდილი მარცხის შემდეგ, დღეს, „კაკტუსის" დამარცხება სოლიდური 18-ქულიანი სხვაობით, 63-81 მოახერხა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე, ქულების ის რაოდენობა დააგროვა, რომელმაც 1/2 ფინალში გასასვლელად საკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ წყვილში ფავორიტად „კაკტუსი" მიიჩნეოდა (სუპერლიგის 2022-2023 წლების გათამაშებაში 10-დან 8 მატჩი აქვს მოგებული), „მეგამ" მოახერხა აბსოლუტური მობილიზება და თამაშის მოგება. „მეგას" გამარჯვებაში დიდი როლი, რონი როზიეს ანგარიშზეა, რომელმაც ამ დღეს 34 ქულა დააგროვა. ამ შეხვედრაში 14 ქულითა და 12 მოხსნით გუნდის კიდევ ერთი ლეგიონერი მარქუს გილსონი იყო გამორჩეული.
„კაკტუსი" ჯგუფის მეორე და შესაბამისად, ბოლო შეხვედრაში ხვალ, 16:00 საათზე „რუსთავს" დაუპირისპირდება. სწორედ, ამ გუნდებს შორის გამარჯვებული, საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალის მეორე ნახევარფინალისტი გახდება. თუმცა, ხვალ თუკი „რუსთავი" წააგებს კიდეც, მან არ უნდა წააგოს 16 ქულით მეტი და ის მომდევნო ეტაპზეა.
მეორე ჯგუფში „ვერა", რომელმაც ორივე შეხვედრა ჩაატარა, ერთი მოიგო და ერთი წააგო, ახლა, ბოლო ტურზეა დამოკიდებული, რომლის დროსაც თსუ და „ორბი" გამოარკვევენ უძლიერესს. „ვერა" გათამაშების მომდევნო ეტაპზე იმ შემთხვევაშიც კი გავა, თუკი „ორბი" 11 და მეტი ქულით მოგებას მოახერხებს. სხვა შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე თსუ და „ორბი" გავლენ. ეს შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხვალ, 6 იანვარს, 14:00 დაიწყება.
ბოლო ტურამდე, თსუ-ს ერთი მატჩი უკვე აქვს მოგებული. უნივერსიტეტელებმა დღეს, „ვერა" დაამარცხეს 102-111. თსუ-ს რიგებიდან, ყველაზე შედეგიანი ჯიმონ ჰენსონი იყო, რომელმაც 36 ქულა დააგროვა. გუნდში მეორე შედეგი და ორმაგი დუბლი მიითვალა ბექა ბექაურმა, 20 ქულითა და 14 მოხსნით. დამარცხებული გუნდიდან 29-29 ქულა ლუკა ზაქრაძემ და მარტის კიმბრომ დააგროვეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ 1/2 ფინალები 8 იანვარს, ფინალური დაპირისპირება კი, 9 იანვარს გაიმართება. 2023 წელს, საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალის ყველა თამაში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.