კიდევ ერთი „ოქროს ბიჭი“ ზეციურ დინამოს შეუერთდა...
კიდევ ერთი „ოქროს ბიჭი“ ზეციურ დინამოს შეუერთდა...
30.12.2022
ავტორი: TSFF.GE

85 წლის ასაკში, მარადისობაში მყოფ ქართველ ფეხბურთელებს კიდევ ერთი გამორჩეული ვეტერანი შეუერთდა. ალბათ, ისევე როგორც პელე სამხრეთ ამერიკაში დღეს, ევროპის კონტინენტზეც, ერთი პატარა სახელმწიფოს, ზეციურ ნაწილში, ბიჭებს გემრიელი ვარჯიში გამოუვიდოდათ. ქართული საფეხბურთო ოჯახი დღეს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას გარდაცვალებას გლოვობს.

ქართველმა ფეხბურთელმა 1965 წლის 4 ივლისს მოსკოვში, სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ხუთ ქართველთან, მიხეილ მესხთან, სლავა მეტრეველთან, გიორგი სიჭინავასთან და ანზორ კავაზაშვილთან ერთად, იმ ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 0-3 დამარცხდა, სადაც პელე, გარინჩა, ჟაირზინიო, ჟერსონი, ორლანდო, ჯალმა სანტოსი თამაშობდნენ...




ერთი წლით ადრე კი, ბარქაია, „ოქროს მატჩის" მონაწილე იყო. 1964 წლის 18 ნოემბრის ბარქაია თბილისის „დინამოს" შემადგენლობაში, რომელსაც გავრილ კაჩალინი ხელმძღვანელობდა სსრკ-ს ჩემპიონი გახდა. იმავე წელს ის, წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაც მოხვდა.  საერთო ჯამში, ვლადიმერ ბარქაიამ, „დინამოს" შემადგენლოლბაში 1957-1967 წლებში ითამაშა,  226 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 68 გოლი გაიტანა.




2014 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.


TSFF.ge უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და მთლიანად, საფეხბურთო ოჯახს.




მასალაში გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და გაზეთ „ლელოს" სააქრივო ფოტოები