როგორ ხედავენ მწვრთნელები ფეხბურთს?
როგორ ხედავენ მწვრთნელები ფეხბურთს?
29.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფეხბურთის პოპულარიზაცია მის მასობრიობაშია. ხშირად ვკითხულობთ ჯერ შედეგი უნდა იყოს და მერე მივა ხალხი სტადიონზე, თუ პირიქით. მე, კონკრეტულად ამ სტატიის ავტორს თუ მკითხავთ, ორივე ერთდროულად უნდა მოხდეს. მასობრიობის გაზრდაში კი, ისევ და ისევ ჩემი მოსაზრებით, ის ქართველი საფეხბურთო სახეები უნდა ჩაერთონ, ვისაც სოციალური მედიის წყალობით, განსაკუთრებით მოზარდ თაობაში უდიდესი ავტორიტეტი აქვთ. სწორედ ასეთი ბიჭები შეყარა სფფ-მ დეკემბრის მეორე დეკადაში თბილისში და ამ ბიჭებიდან ერთ-ერთს, დღეს ჩვენ ვესაუბრეთ.

უეფა-ს გამონაკლისი და სფფ-ს აქტიური ჩართულობა, ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთ საინტერესო, კარგი გაგებით ავანტიურის წინაპირობა გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსი დაიწყო, რომელშიც პირადად ჩვენი გვერდის tsff.ge-სთვის იმდენი ახლობელი, საყვარელი და პატივსაცემი სახე აღმოვაჩინეთ, რომ რაღა დავმალოთ და სემინარებზე დასწრება ჩვენც მოგვინდა.


„ამ კურსების გავლა დიდი ხნის წინ გადავწყვიტე. უბრალოდ, ამის გაკეთებას, კარიერის დასრულების შემდეგ ვაპირებდი, იქიდან გამომდინარე, რომ აქტიური ფეხბურთელობის პერიოდში, მსგავსი ლიცენზიის აღება, პრაქტიკულად შეუძლებელია. ფიზიკურად, ლექციებს ვერ დაესწრები. თუმცა, უეფა-მ დაუშვა პრეცედენტი შექმნილიყო ისეთი ჯგუფები, რომლებიც მოქმედ ფეხბურთელებს, მათ ვისაც წარსულში ჰქონდათ ან აქვთ, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული გარკვეული რაოდენობა თამაშებისა და ასაკით შეესაბამებოდნენ კრიტერიუმს, გაევლოთ მწვრთნელთა განათლების აღნიშნული კურსი. ამ მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაგვიგდა გვერდში, შეიქმნა ჯგუფი და დავიწყეთ სწავლა. ამ შანსისთვის, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას", - ამბობს გიორგი მერებაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერი გამორჩეული ფეხბურთელი, განსაკუთრებით უეფა-ს ერთა ლიგის სადებიუტო გათამაშების დროს.




ახლა, რაში მდგომარეობს, ამ კურსის თავისებურება - საქმე ისაა, რომ აღნიშნული სასწავლო კურსი, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება, განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის არის შექმნილი. ამასთან, ფეხბურთელები, როგორც „მერებამაც" თქვა, აუცილებლად რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ: მინიმუმ 10 თამაში ჰქონდეთ ჩატარებული საქართველოს ეროვნულ (A) ნაკრებში, იყოს საქართველოს ეროვნული (A) ნაკრების წევრი მინიმუმ 7 წლის განმავლობაში და შეუსრულდა, ან სწავლების პერიოდში უსრულდებოდეს 30 წელი. ასეთი კრიტერიუმებით კი, მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსზე ერთბაშად გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი მერებაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, სანდრო კობახიძე, ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია, გოგიტა გოგუა და გიორგი ლორია ეუფლებიან მწვრთნელის ხელობას.


„სასწავლო პროცესმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ყოველთვის მეგონა და მჯეროდა, რომ საინტერესო იქნებოდა მწვრთნელის ამპლუაში ყოფნა. მწვრთნელის მხრიდან დანახული ფეხბურთი. ეს მოლოდინი გამართლდა და იმაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ამავდროულად რთულიც არის. ეს საწყისი ეტაპი, პირადად ჩემთვის რთული იყო. თუმცა, ვთვლი, რომ თავი მაინც წარმატებით გავართვი. საერთო ჯამში იქნება 6 მოდული, ტესტები და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ავიღებთ B და A ლიცენზიას. საინტერესო იყო, რადგან ამ კურსმა ძალიან ბევრი წვრილმანი დეტალი დამანახა, რომელსაც, როგორც ფეხბურთელი აქამდე, ვერ ვხედავდი", - ამბობს გიორგი.




როგორ უნდა შედგეს სამწვრთნელო პროცესი, დაიგეგმოს ვარჯიში, რას დაუკავშირდეს ეს ვარჯიში, როგორ უნდა მიუდგეს მწვრთნელი ფეხბურთელს - გიორგი მერებაშვილი, რომელმაც სამწვრთნელო განათლებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, დარწმუნებულია, რომ წინ უფრო მეტი საინტერესო პროცესი ელოდება. შემდეგ კი, სამწვრთნელო კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ 36 წლის ფეხბურელი ჯერ აქტიური სპორტიდან წასვლას არ გეგმავს ახალი გუნდის და შემოთავაზებების მოლოდინშია, საყვარელ საქმეში „დასარჩენად" „მერებამ", ზრუნვა უკვე დაიწყო.


 „ამჯერად უგუნდოდ ვარ, „სანდეციასთან" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გავწყვიტე კონტრაქტი. ჯერ-ჯერობით კონკრეტული შემოთავაზება არ მაქვს. პოლონეთის ჩემპიონატიდან, მეორე ლიგიდან არის რაღაც ვარიანტები, თუმცა, როგორც გითხარი, კონკრეტულად არაფერი და მეც, არ ვჩქარობ, გამომდინარე იქიდან, რომ ველოდები უკეთეს ვარიანტს. პოლონეთში გუნდები მოსამზადებლ ეტპას 8-9 იანვრიდან იწყებენ და ამ დროისთვის ალბათ, უკვე ცნობილი იქნება სად გავაგრძელებ კარიერას" - ამბობს მერებაშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში თამაშს, თუკი, მისდამი ინტერესი იქნება. საქართველოს ჩემპიონატიდან  კი, ეროვნული ნაკრების სტაჟიან ფეხბურთელთან, ბოლო 2 წელის მანძილზე, შემოთავაზება არ ყოფილა. შესაბამისად, ფეხბურთელი, ქართულ კლუბებთან ვითომდა არსებული მოლაპარაკებების შესახებ, ყოველგვარ ინფორმაციას გამორიცხავს.


სხვათა შორის, „მერებას", ისევ და ისევ, ზემოთნახსენები კურსებიდან გამომდინარე, ეროვნული ნაკრების შეფასება ვთხოვეთ ვლადიმირ ვაისიდან - ვილი სანიოლიმდე. „უფრო მეტი კონკურენციაა, მეტი ფეხბურთელი გამოჩნდა ერთ პოზიციაზე, რომლებსაც თანაბრად შეუძლით თამაში. თაობა დაეხმარა ვილის, მაგრამ რაც თვალშისაცემია, შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, არ გვეშინია შეტევაში გადასვლა და ეს განსხვავება ნამდვილად იგრძნობა ნაკრებში", გვითხრა გიორგიმ, თუმცა, ჩვენი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, თუ კონკრეტულად მის პოზიციაზე, რომელი ფეხბურთელი მიაჩნია დღეს ოპტიმალურად, კითხვას თავი ტექნიკურად დააძვრინა - ნაკრებში არის ბევრი ფეხბურთელი 2-3 პოზიციაზე, ფლანგებზე, შუაში თამაში, რომ შეუძლია, ასე რომ, ეს საკითხი კონკრეტულ მომენტში მწვრთნელებს მივანდოთო.