ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის ტრადიციული წლის შეჯამებისასა, მთავარ ნომინაციაში, 2019 წელს თბილისიდან ბელგრადში გადასახლებულ სპორტსმენს, კონკურენციას სპორტული სროლის, ტაიკვანდოს, ძიუდოსა და კიდევ, სხვა სერბეთში პოპულარული სპორტის წარმომადგენელები უწევდნენ, რომელთა შორისაც ყველაზე სახელოვანი ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო. თუმცა, სერბეთის სახელით მოასპარეზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დათუნაშვილმა, ამჯერად, ჯოკოვიჩიც ჩააჩოჩა და სერბეთის ნომერი პირველი სპორტსმენი გახდა.
„უდიდესი დღეა ჩემთვის, საუკეთესო ცხოვრებაში და ბედნიერი ვარ", - ამბობს დათუნაშვილი დაჯილდოვების შემდეგ, „მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. ჩემთვის პატივია ვიყო, ნომერი პირველი სპორტსმენი ისეთი ჩემპიონების ქვეყანაში, სადაც არის ნოვაკ ჯოკოვიჩი, წყალბურთელები, კალათბურთელები. მე მიყვარს სერბეთი, მიყვარს ბელგრადი. ეს ჩემი მეორე სახლია. მომავალში, კიდევ უფრო მოვინდომებ, რომ სერბეთისთვის ღირსეულად ვიბრძოლო".
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი, საქართველოს „ჭიდაობის ოჯახთან" უთანხმოების შემდეგ, საცხოვრებლად სერბეთში გადავიდა და სერბეთის სახელით 2019 წლიდან გამოდის საერთაშორისო ასპარეზზე. დათუნაშვილმა, ზედიზედ ორჯერ 2021 და 2022 წლებში მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგება. ტოკიოს ოლიმპიურ თამასებზე კი, ის, ბრინჯაოს მედალის მფლობელი გახდა.
სტატიაში გამოყენებულია oks.org.rs -ის ფოტო