თოკოს "ვირტუსი" ლიდერია, ბექას "რეჯიამ" კიდევ წააგო
თოკოს "ვირტუსი" ლიდერია, ბექას "რეჯიამ" კიდევ წააგო
27.12.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

დაძაბულ, გასვლით მატჩში ვირტუსმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თორნიკე შენგელიას გუნდმა სტუმრად, პესაროში ითამაშა და მასპინძელთა გუნდი ოვერტაიმში - 87:82 დაამარცხა. ბოლონიელთა გამარჯვების სულისჩამდგმელი თორნიკე შენგელია გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ბოლონიელთა რიგებში ყველაზე მეტი - 38 წუთი ითამაშა, რა დროშიც 19 ქულა, 10 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.


ვირტუსმა 12 ტურში 11 გამარჯვება მოაგროვა და იტალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი უკვე გაისად, 2 იანვარს ჩაატარებს და მეტოქედ უმთავრესი კონკურენტი ოლიმპია მილანო ეყოლება.




წარუმატებელი სერია დასჩემდა ბექა ბურჯანაძის "რეჯიო ემილიას". ქართველი ფორვარდის გუნდმა იტალიის სერია ა"ა"-ში ზედიზედ მე-7 მატჩი წააგო. ქართველი კალათბურთელი გარკვეული პაუზის შემდეგ სასტარტო ხუთეულს გასულ ტურში დაუბრუნდა. 

ბურჯანაძის კლუბი ამჯერად ბრეშას სტუმრობდა და 77:84 წააგო, ბექამ კი 19 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 2-ვე ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.


რეჯო ემილიას 12 ტურში 2 გამარჯვება შერჩა და 16-გუნდიან სერია A-ში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო თამაში კი 30 დეკემბერს ელის, შინ, პეზაროსთან.