ალბათ, 2022 წელი ის საფეხბურთო სეზონი იყო, რომლის მსვლელობის დროსაც უკვე ყველამ იცოდა, ვის ეკუთვნოდა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი და ამ საკითხის გარშემოც, წლის ბოლოს დავას არც არავინ შეეცდებოდა. ყველაზე ბოლოს, დღეს, „შერატონ მეტეხი პალასშიც" სწორედ, წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. ეს ტიტული ხვიჩა კვარაცხელიას ერგო. ეროვნული ნაკრების საკვანძო ფეხბურთელმა, შეგახსენებით, 2022 წელი ბათუმის „დინამოში" დაიწყო და შემდეგ, იტალიურ „ნაპოლიში" საკმაოდ ხმაურიანად გააგრძელა. მთელი სეზონის მანძილზე კვარაცხელია ეროვნული ნაკრებისთვის, ჩვენის აზრით საკმაოდ ნაყოფიერ წელს, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.
წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენამდე კი, საფეხბურთო სამყარომ განვლილი წელი ნაყოფიერი და წარმატებული, შეაჯამა. წარმატებული თუნდაც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ წელს, საფეხბურთო სახეობებიდან ერთ-ერთმა, ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. მოგვიანებით, ამ ნაკრებიდან ერთ-ერთი ზვიად კუპატაძე, სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ფუტსალში ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კი, გუნდისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი ჩაიბარა.
2022 წელი მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც იმ გარემოების გამო, რომ წელს პირველად ქართულ ფეხბურთში VAR-ის სისტემა დაინერგა. ამ ინოვაციის წყალობით, ბევრ კითხვის გაეცა პასუხი, თუმცა, სისტემა, აღნიშნულ წელს მხოლოდ, ცენტრალურ თამაშებს ემსახურებოდა. რაც შეეხება სეზონის საუკეთესო მსაჯს, ეს წოდება ალექსანდრე აფციაურს ერგო. ახალგაზრდა და პრინციპულ მსაჯს, რომელიც ჩვენი გვერდის დაკვირვებით ფოტოს გადაღებას ყველაზე მეტად არიდებს თავს, თუმცა, დღეს, ამის გაკეთებაც მოუხდა. სეზონის საუკეთესო მსაჯმა 2022 წელს, მთელი რიგი საკვანძო თამაშები, როგორც ეროვნულ, ასევე ასაკობრივ ლიგებში განსაჯა.
2022 წლის სეზონზე ქალთა ლიგის გათამაშებას ახალი ჩემპიონი ჰყავს. ჩხოროწყუში, ქალთა საფეხბურთო კლუბის „სამეგრელოს" თამაშებზე, რაოდენობრივად, უფრო მეტი ქომაგი მიდიოდა, ვიდრე მამაკაცების მატჩებზე ბევრ სხვა ლიგაში. 2023-2024 წლების სეზონში, სწორედ „სამეგრელოს", გივი კვარაცხელიას მწვრთნელობით, მოუწევს უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა. თუმცა, ქალთა ფეხბურთში დაწესებულ ნომინაციებში, „სამეგრელოს" წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ. ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ლელუ ჭიჭინაძე დასახელდა, რომელმაც ეს სეზონი „დინამო სოხუმში" ითამაშა. გამოცდილმა შემტევმა, 27 გოლის გატანა მოახერხა, რაც მიუწვდომელი აღმოჩნდა სხვა ფეხბურთელებისთვის. თუმცა, ქალთა ლიგაში გოლეადორთა დავაში, მეორე ადგილზე გასულმა ეთერ სულაშვილმა „ლანჩხუთიდან" 2022 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ტიტულის მოგება შეძლო. რაც შეეხება, ქალთა გუნდების საუკეთესო მწვრთნელს, ის ქუთაისის „მართვეს" თავკაცი, ავთადნილ რევიშვილი გახდა.
ბუნებრივია, რომ 2022-2023 წლების GFF Awards -ზე ყურადღება გამახვილდა მომავალი წლის ზაფხულში დაგეგმილ ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატზე, რომელსაც რუმინეთთან ერთად, საქართველოს სამი ქალაქი თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებს. ამ კონტექსტში ინფასტრუქტურულ პროექტებსაც გაესვა ხაზი და რაღა თქმა უნდა თაობას, რომელსაც ამ ჩემპიონატში მოუწევს თამაში. საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების შემადგენლობაში თამაში უწევთ საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილს, რომელიც ამავე ნომინაციაზე იყო წარდგენილი. აი, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს, თბილისის დინამოელ ანრი მექვაბიშვილს, კი, 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი ერგო.
და რადგან სიტყვამ ახალგაზრდა ფეხბურთელები მოიტანა, აქვე ერთ სპეციალირ პრიზზეც ვთქვათ, რომელიც 2017 წლიდან არის დაწესებული. ლეგენდარული ქართველი მცველის, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის მედლები, რომლებიც ორი ასაკობრივი კატეგორიის ფეხბურთელებს გადაეცემათ ამჯერად შემდეგ მოთამაშეებს ერგოთ: 17-წლამდე (სოსო კოპალიანი „ლოკომოტივი", საბა გეგუჩაძე „საბურთალო", ალექსანდრე თურქია „დინამო თბილისის აკადემია") და 19-წლამდე (ლუკა ლაცაბიძე „დინამო თბილისის აკადემია", საბა გოგლიჩიძე „ტორპედო", ჯადული იობაშვილი „დინამო თბილისის აკადემია").
ალბათ, აქვე უნდა აღვნიშნოთ და შემდეგ, მომდევნო ნომინანტებზეც ლოგიკურად გადავიდეთ, რომ 2022 წლის სეზონზე, „დინამო თბილისის აკადემიის" ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა სამმა გუნდმა შესაბამისი ლიგები მოიგეს (ლიგა 3, 17-წლამდე ოქროს ლიგა, 15-წლამდე ოქროს ლიგა), ერთ 19-წლამდე ოქროს ლიგის გათამაშებაში კი, პირველი ადგილი გადამწყვეტ მატჩში დაუთმეს თბილისის „საბურთალოს".
დღევანდელი დაჯილდოვების ცერემონიაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორის, „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" თავკაცი თემურ ჭყონია იტყვის, რომ გულშემატკივარი და კლუბი ერთმანეთის განუყრელი ნაწილია და წარმატებასაც მხოლოდ, ერთად შეიძლება მივაღწიოთო. ამ მხრივ ალბათ, დღეს, ბათუმელი გულშემატკივარია შესაქები, რომელიც ეროვნული ლიგის თამაშებზე ყველაზე მეტი დადის. სწორედ, ბათუმელთა გუნდის წარმომადგენელმა, ჯოვანო ფლამარიონიმ მიიღო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ნომინაციებიდან ყველაზე მეტი ჯილდო. მას საუკეთესო თავდამსხმელის, საუკეთესო ბომბარდირისა და საუკეთესო ფეხბურთელის პრიზები ერგო.
გასულ სეზონში ბათუმის „დინამოში" გადაბარგებული სერბი ფეხბურთელის მილან რადინის გოლი დასახელდა სეზონის საუკეთესო გოლად. ასევე, ერთი სეზონით ადრე, ბათუმის „დინამოში" დაბინავებული სანდრო ალთუნაშვილი გახდა წლის საუკეთესო ნახევარმცველი.
სეზონის დარჩენილი სამი ნომინაცია კი, საქართველოს უკვე 19-გზის ჩემპიონს, „დინამო თბილისს" ერგო. სეზონის საუკეთესო მეკარე - ლუკა კუტალაძე, საუკეთესო მცველი კი, ჯიმი ტაბიძე გახდნენ. წლის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდა. თბილისის დინამოელთა მთავარი მწვრთნელის რანგში მოსვლის შემდეგ, „ჭიამ" და „დინამო თბილისმა", უშუალო კონკურენტთან, ბათუმის „დინამოსთან" არსებული ჩამორჩენა აღმოფხვრეს და სეზონი 80 ქულით, პირველ ადგილზე დაამთავრეს.
„დინამო თბილისი" 2023-2024 წლების სეზონზე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნება წარმოდგენილი, „დინამო" ბათიუმი, გორის „დილა" და ქუთასისი „ტორპედო" კი, უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგაზე.
თბილისელთაგან 4 ფეხბურთელი მოხვდა წლის სიმბოლურ ნაკრებში, 3 ბათუმელი, თითო „საბურთალოს", „დილას", „ტორპედოსა" და „სამგურალის" წარმომადგენელი. სეზონის სიმბოლური გუნდის „ლაინაფი" საბოლოოდ ასე გამოიყურება: ლუკა კუტალაძე („დინამო თბილისი") , გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო"), პედრო მონტეირო („ტორპედო"), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), ვანდერსონ სილვა („დილა"), ჯეფერესონ ჯერალდო („სამგურალი"), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო" ბთ), ანზორ (ანრი) მექვაბიშვილი („დინამო თბილისი"), ხვიჩა კვარაცხელია („დინამო" ბთ), ჯოვინო ფლამარიონი („დინამო" ბთ.), დავით სხირტლაძე („დინამო თბილისი")
და ბოლოს, კიდევ ერთი ნომინაცია, რომელიც წლიდან წლამდე პოპულარული ხდება, განსაკუთრებით გულშემატკივარში. 2022 წლის სეზონის ფენტეზის გამარჯვებულები ირაკლი ბერიძე, დავით ბაგრამოვი და ნიკოლოზ ხარჩილავა გახდნენ.